
საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასაფლაოების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
სასაფლაოები 10 დღით ჩაიკეტება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.
დაწესებული შეზღუდვის ვადაში, სასაფლაოები მხოლოდ გამონაკლისის სახით, მიცვალებულის დაკრძალვისათვის გაიხსნება.
სასაფლაოები დაიკეტა ასევე ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში.
„ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ“ – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული.
ასევე, დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხა, რომ სასაფლაოზე მისვლის შესაძლებლობას ჩაკეტავენ.
„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, აღდგომის დღესასწაულზე თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა.
ნახეთ: ვის არ ეხება ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა.






















