
18 აპრილს, შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი ქვეყანაში იკლებს და სიტუაცია სტაბილურდება.
მანამდე, ის ამბობდა, რომ შვედეთის მსუბუქი პოლიტიკით, რომელიც არ ითვალისწინებს შეზღუდვებსა და მკაცრ კარანტინს, გამომუშავდება ჯგუფური იმუნიტეტის ერთგვარი ფორმა, თუ 2020 წლის მაისისთვის, კოვიდ-19-ით მოსახლეობის მესამედი დაინფიცირდება, რომლებიც დაავადებას უსიმპტომოდ გადაიტანენ.
მოგვიანებით, შვედეთის ხელისუფლებამ ჯგუფურ იმუნიტეტზე ლაპარაკი შეწყვიტა და თავიანთი პოლიტიკის ზოგიერთი შეცდომა აღიარა. მიუხედავად ამისა, ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ კურსის შეცვლას.
როგორ ებრძვის შვედეთი კორონავირუსს
შვედეთი იმ ცოტა ქვეყნის რიგშია, რომლის ხელისუფლებამ მკაცრი კარანტინის წესები არ გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე შეზღუდვა მაინც მოქმედებს. მაგალითად, აკრძალულია 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება. დახურულია უმეტესობა კინოთეატრი და მუზეუმი, გაუქმებულია მასშტაბური სპორტული მატჩები. ამასთან, მუშაობენ ბაღები და სკოლები, ღიაა სპორტული სკოლები, კაფეები და რესტორნები.
კაფეებსა და რესტორნებში სოციალური დისტანციის წესი მოქმედებს.
შვედეთში კოვიდ-19-ის მთავარი პროფილაქტიკური უწყება და მისი მთავარი სახე, ანდერს ტეგნელი, ყოველდღიურად ატარებენ ბრიფინგებს, რომელზეც საზოგადოებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვენ.
ამ ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. 2020 წლის მარტში, სოციალური გამოკითხვით დადგინდა, რომ შვედეთის ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობა 65%-დან 74%-მდე გაიზარდა, ხოლო პირადად ტეგნელის მიმართ ნდობა 53%-ია – უფრო მეტი, ვიდრე შვედეთის ნებისმიერი პარტიის ლიდერის რეიტინგი.
შვედეთის ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები მოსახლეობის უმრავლესობამ გაითვალისწინა, როდესაც ტეგნელმა შვედებს სთხოვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე შეეცადათ სახლიდან არ გასულიყვნენ. კომპანია Telia-ს კვლევით, შვედეთის მოსახლეობის 85%-მა გაითვალისწინა რეკომენდაცია და აღდგომაზე, არსად არ გაემგზავრა.

ფოტო: ანდერს ტეგნელი
მუშაობს თუ არა შვედეთის მეთოდები? (ნაკლებად)
მიუხედავად თითქოს წარმატებული მეთოდებისა, შვედეთში კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი საკმაოდ დიდია. 20 აპრილის მონაცემებით, შვედეთში კოვიდ-19-ის 14 777 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1580 გარდაიცვალა.
შვედეთის მონაცემები დაახლოებით იმავე დაღმასვლა განიცდის, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები. ხელისუფლების მსუბუქმა შეზღუდვებმა და რეკომენდაციული ხასიათის ქმედებებმა, ვერ შეამცირა ეპიდემიოლოგიური პარამეტრი Rₒ ერთის ქვემოთ – კრიტიკული ნიშნული, რომლის გადალახვის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მასშტაბი შეუჩერებლივ იზრდება.
კორონავირუსისგან გარდაცვალების რიცხვი, ძირითადად მოხუცებულთა თავშესაფრებზე მოდის. 1 აპრილს, შვედეთის ხელისუფლებამ, მოხუცებულთა სახლში ვიზიტები აკრძალა. არსებული ინფორმაციით, სტოკჰოლმის მოხუცებულთა სახლის 90%-ი უკვე დაინფიცირებულია.
შვედეთის უნიკალურ მეთოდს, არამხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც აკრიტიკებენ. მარტის ბოლოს, 2 ათასამდე შვედმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც მოსახლეობა მკაცრ კარანტინს ითხოვდა.
ერთის მხრივ, შვედეთი ეპიდემიაზე საუკეთესო პასუხის რეიტინგის სათავეში დგას და ასევე მსოფლიო დონეზე აღიარებულია მისი ჯანდაცვის სისტემა. მეორეს მხრივ – შვედეთის საავადმყოფოები, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინტენსიური თერაპიის პალატების ნაკლებობას განიცდის.






















