
ლუგარის ლაბორატორია ერთადერთი ულტრათანამედროვე დაწესებულებაა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, სადაც სხვადასხვა სახის პათოგენებსა და ვირუსებს იკვლევენ.

ის, რომ დღეს საქართველოში სულ რამდენიმე საათში შესაძლებელია კორონავირუსზე კვლევის ჩატარება და ამისთვის საჭირო არ არის ბიოლოგიური მასალის უცხო ქვეყანაში გაგზავნა, სწორედ ამ დაწესებულების დამსახურებაა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ რეპორტაჟს ლუგარის ლაბორატორიიდან. ვნახოთ, სად ტარდება კვლევები კორონავირუსზე.
ლუგარში მოსახვედრად ეს პირველი და აუცილებელი პირობაა. ავსებ სპეციალურ ფორმას: სახელი, გვარი, პირადი მონაცემები, ვიზიტის მიზანი, ვინ არის მასპინძელი. ყველაზე მთავარი, ქცევის წესები. ვიზიტორი ვალდებულია, გაეცნოს ცენტრში არსებულ უსაფრთხოების პროტოკოლს. ეს არის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლა, პირადი ნივთების შემოწმება, დაშვების ბარათი, რომლის ტანზე მორგებასაც კი საკუთარი წესი აქვს. ბარათი წითელი ფერით, უნდა დამაგრდეს წელს ზემოთ, ისე, რომ ნომერი ჩანდეს. ასევე აუცილებელია, რომ ვიზტის დროს, მასპინძელი გვერიდიდან არ მოგშორდეს.
ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა ერთ ეზოშია. აქ ჯერ ლაბორატორია გაიხსნა, რამდენიმე წლის შემდეგ კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც გადაიტანეს. აქ ზის ცენტრის ხელმძღვანელობაც, ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და ყველა სხვა თანამშრომელი. შენობაში 3 სართულია. ყველა სართულზე რამდენიმე ლაბორატორიაა.
ცენტრში ხდება საშიში დაავადების გამომწვევი მიზეზების ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია. ცენტრი აერთიანებს ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიებს. დაწესებულება დღეს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.
დონეები განსაზღვრავს უსაფრთხოების ხარისხს. იმას, თუ რამდენად საშიში დაავადების გამომწვევ უჯრედებთან უწევთ თანამშრომლებს მუშაობა. მსოფლიოში სულ 4 დონე არსებობს. ლუგარი კი ერთადერთი ლაბორატორიაა კავკასიის რეგიონში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მესამე დონის სტატუსი აქვს.

უსაფრთხოების მეორე დონე, ანუ BSL-2 მიკრობიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. ამ ფოტოზე ახლა, სალმონელოზის ანალიზს აკეთებენ. ამავე ლაბორატორიაში ხდება გრიპის ვირუსის კვლევაც.
BSL-2 ბაქტერიოლოგიის გარდა, მოიცავს რამდენიმე სხვა ლაბორატორიას, მათ შორის:
1 – ვირუსოლოგია (ვირუსები)
2 – სეროლოგია( მაგ :სისხლში ანტისხეულების დადგენა წითელა, ჰეპატიტები და ა.შ)
3 – მოლეკულური ეპიდემიოლოგია/გენომი (გენეტიკური ლაბორატორია)
4 – პარაზიტოლოგია (პარაზიტები)
5 – ენტემოლოგია (ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი სწავლობს მწერებს და მათ როლს მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებში) და ა.შ.

მაგალითად, ეს სეროლოგიური ლაბორატორიაა, ამ ფოტოზე ლუგარის ცენტრის თანამშრომელი აკეთებს წითელას ანალიზს. ხდება ანტისხეულების დადგენა.

BSL-3 ზონაში განთავსებულია ბაქტერიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიები. აქ შესვლა არათუ ჩვენთვის, არამედ თანამშრომლების დიდი ნაწილისთვისაც კი მკაცრად აკრძალულია. შესვლა-გამოსვლასაც წესები არეგულირებს. სავალდებულოა თანამშრომლებმა შხაპი მიიღონ.

მესამე დონის ლაბორატორიებში იკვლევენ საშიშ ინფექციებს. მაგალითად ბრუცელოზს, ჯილეხს, შავ ჭირს, მალარიას და ა.შ. უსაფრთხოების სამსახური აღრიცხავს აბსოლუტურად ყველაფერს. საოფისე ნაწილში კიდია დიდი თეთრი დაფა, დევს ე.წ. მარკერი, რომლითაც იწერენ თანამშრომლების გვარებს, ვინ არის მოცემულ მომენტში შესული ლაბორატორიაში.

ჩვენი ვიზიტის კულმინაცია ეგრეთწოდებული მუზეუმია. რეპოზიტორიუმი, ანუ პათოგენების ეროვნული საცავი. ეს არის ლუგარის ყველაზე დაცული ადგილი. აქ განსაკუთრებით საშიშ მიკრობებს ინახავენ. სპეციალური დაშვება მხოლოდ 5 ადამიანს აქვს.
პატარა ყუთის ფორმის შემინული დერეფანი და შიგნით კიდევ უფრო პატარა ოთახი. აქ უსაფრთხოდ არის შენახული საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი საშიში უჯრედები, ის პათოგენები, რომლებიც მანამდე სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტში იყო გაბნეული და საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

კიდევ ერთი დარბაზი, სადაც განთავსებულია დიდი დანადგარი. ყველა თხევადი ნარჩენი, ხელის ნაბანი წყალიც კი, საბოლო ჯამში ჩაედინება აპარატში. მანამდე სითხეები დეზინფექციას გადის სპეციალური საშუალებებით და ბოლოს, აქ ეს სისტემა სრულად ანეიტრალებს მიღებულ ნარჩენებს. ამის მერე წყალი კანალიზაციას უერთდება.

საინტერესოა ე.წ. გენეტიკური ლაბორატორია. აქ გაიშიფრა პირველად C ჰეპატიტის ერთ-ერთი ქვესახეობა, კვლევა მანამდე საქართველოში არ ტარდებოდა. აქვე კეთდება გენეტიკური ტესტები ვაზზე, ხორბალზე და სხვ.

მაგალითად, აიღეს ვაზის ქართული თანამედროვე ჯიშები, გაშიფრეს გენის ერთობლიობა, მონაცემები შეადარეს ველური ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზაში არსებულ უძველეს ფორმებს და აღმოჩინდა საოცარი მსგავსება. ლუგარის ცენტრში ჩატარებულმა ამ კვლევამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვერსია, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა.

ასევე აღმოაჩინეს, რომ უნიკალურია ქართული ხორბლის ჯიშიც. გაირკვა, რომ ასეთი გენეტიკური აგებულება ხორბლის არც ერთ სხვა სახეობას არ აქვს, აქედან შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ხორბლის კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერა მსოფლიოში შესაძლოა საქართველო იყოს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი
ცენტრის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო. საფუძველი გახდა საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული ორი შეთანხმება. პირველი – 1997 წელს, ქვეყნების მთავრობებს შორის ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება და მეორე – 2002 წელს თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ეხება თანამშრომლობას, ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების სფეროში.

350 მილიონიანი ინვესტიცია
ამ შეთანხმების ფარგლებში, ბოლო 13 წელია, ბოუსაფრთხოების, ადამიანის და ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად მუშაობს ფინანსური და ტექნიკური დახმარების სპეციალური პროგრამა, ჩაიდო ინვესტიცია 350 მილიონ დოლარამდე.






















