22:11 | 2020-08-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

რეპორტაჟი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან – როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს ქართველები

რეპორტაჟი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან – როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს ქართველები

როდესაც მაისში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ გვაფრთხილებდნენ, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ნორმები, რადგან შემოდგომაზე მოსალოდნელი იყო ვირუსის ახალი ტალღა.

 

გამართლდა ინფექციონისტების ვარაუდი – ბოლო პერიოდში ვირუსის შემთხვევებმა იმატა და ექიმებმა განაცხადეს, რომ მეორე ტალღა გაცილებით იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 

2 დღის წინ სვანეთი ჩაიკეტა იმის გამო, რომ ვირუსის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. ეს სადღაც მოსალოდნელიც კი იყო, რადგან იმის გამო, რომ საზღვრები ჩაკეტილია, შიდა ტურიზმი ამოქმედდა და სვანეთს უამრავი ადამიანი მიაწყდა.

არსებობს ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საშიშროება, რის გამოც საკმაოდ მკაცრად გვაფრთხილებენ: იმისათვის, რომ სიტუაცია არ გართულდეს და კვლავ სახლებში არ გამოვიკეტოთ, დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

 

რასაც ჩვენგან მოითხოვენ, ის არის, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები – ხშირად დავიბანოთ ხელები.

ასეთ სიტუაციაშიც კი არ ითვალისწინებენ ადამიანები გაფრთხილებას და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ან საერთოდ არ უკეთიათ, ან მხოლოდ პირზე აქვთ აფარებული და ცხვირი უჩანთ.

 

 

 

პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან რეპორტაჟი შემოგთავაზოთ.

 

სამივე ტრანსპორტით ვიმგზავრე (ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი) და ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა.

სხედან მგზავრები პირბადის გარეშე. ადრე ავტობუსებში კონტროლიორები იყვნენ და მკაცრად აფრთხილებდნენ, პირბადე სწორად გაეკეთებინათ, ახლა კონტროლიორებიც არ დაჰყვებიან ტრანსპორტს და ვისაც როგორ უნდა, ისე „იცავს ნორმებს“.

 

 

როდესაც ავტობუსში პირბადის გარეშე ამოსულ მგზავრს, საკმაოდ სოლიდური ასაკის ქალბატონს ვკითხე, რატომ არ ეკეთა პირბადე, ხელი ამიქნია, – კარგი, შენი ჭირიმე რაა, ვიხუთები პირბადეში, ვერ ვსუნთქავ, მთავრობა გვიმონებს, თორემ კორონა არ არსებობს, მოგონილიაო.

 

უმეტესობა პირბადის არ ქონას ან მხოლოდ პირზე აფარებას სწორედ ამით ხსნის, რომ სცხელა და ვერ სუნთქავს, თუმცა მეტროში ვნახე ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თავისი „პერსონალური ვენტილატორით“ იყო წარმოდგენილი. ეს მოწყობილობა ისე უბერავდა, რომ პატრონს თმასაც კი უწეწავდა, მაგრამ გოგონს პირბადე მაინც არასწორად ეკეთა და ცხვირი მოუჩანდა.

 

 

თუმცა, მას არასწორად მაინც ეკეთა და მეორე ქალბატონი საერთოდ პირბადის გარეშე გახლდათ. სწორედ ეს ქალბატონი გოგონას მიუახლოვდა და ვენტილატორის შესახებ ჰკითხა – სად იყიდა, რა ღირდა, როგორ მუშაობდა… საუბრის პროცესში გოგონამ ნიღაბი პირიდანაც ჩამოიწია და ზუსტი ინფორმაცია ვრცლად მიაწოდა.

 

ზოგს პირბადე ცალ ყურზე აქვს ჩამოკონწიალებული, ზოგს მკლავზე უკეთია, ზოგიერთს კი – თავზეც.

მათი გამოკითხვის შედეგად დავრწმუნდი, რომ ესენი არიან ადამიანები, ვისაც კორონას არსებობის არ სჯერათ. ერთმა ისიც კი მკითხა, – აბა, მაჩვენე კორონათი მკვდარი ან ცოცხალი, ვისაც კორონა აქვსო…

 

გასაგები მიზეზების გამო მკვდარს ვერ ვაჩვენებდი, მაგრამ ვერც ცოცხალს ვაჩვენებდი, რადგან ვისაც ვირუსი დაუდგინდა, ყველა შესაბამის განყოფილებაში წევს, სამკურნალოდ.

სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია მათი რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს და ვისაც პირბადე მხოლოდ მაღაზიაში შესასვლელი საშვი ჰგონია და არა – უსაფრთხოების გარანტია.

 

მეტროს ვაგონში ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი გამოჩნდნენ, რომლებიც ასთმიანი ბავშვისთვის შემოწირულობებს აგროვებენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში ვაგონიდან ვაგონში გადადიან და პირბადე მათაც კი არ უკეთიათ. არა და, საღამოს შინ უნდა დაბრუნდნენ… ასთმიან ბავშვთან.

 

 

თუმცა, არსებობენ რადიკალურად განსხვავებული, ზეპედანტი, ძალიან მოწესრიგებული ადამიანები, ვინც ზედმიწევნით იცავენ ნორმებს. მეტროში ჩემს წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჯდა, რომელსაც პირბადიდან ლამის თვალებიც არ მოუჩანდა. ცელოფანის პარკი ფეხებთან დაიდო, საიდანაც სველი ხელსახოცი და სადეზინფექციო ხსნარი ამოიღო. დაასხურა ხელსახოცზე (რომელიც ისედაც ანტიბაქტერიული გახლდათ), ჩამოიხსნა ნიღაბი ცალ ყურზე, საგულდაგულოდ გაიწმინდა სახის ცალი მხარე, შემდეგ მეორე ყურიდან მოიხსნა ნიღაბი და იგივე გაიმეორა.

 

 

გამოყენებული ხელსახოცი ჩადო ცალკე ცელოფანში, კარგად გამოკრა და პარკში მოათავსა. ამოიღო ახალი ხელსახოცი, ამასაც დაასხურა სადეზინფექციო ხსნარი და მკლავები გაიწმინდა. ეს ხელსახოციც ცალკე პარკში გამოკრა და პირველის გზას გაუყენა. მესამე ხელსახოცით ფეხები გაიწმინდა (ფოტოზე ჩანს, რომ შორტი აცვია, მის ფეხებთან კი ცელოფანი დევს, სადეზინფექციო სხნარითა და გამოყენებული ხელსახოცებით სავსე). მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდა მშვიდად და მგზავრები მოგვათვალიერა.

 

 

რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, გაჩერებაზე მდგარმა ვაწარმოე დაკვირვება და მინდა გითხრათ, რომ 10 მძღოლიდან 6-ს საერთოდ არ ეკეთა პირბადე, 2-ს ნიკაპქვეშ ჰქონდა ამოდებული. არა და, სწორედ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს აქვთ ყველაზე მჭიდრო კონტაქტი მგზავრებთან და უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან.

 

აღარაფერს ვამბობ საკმაოდ შელახულ, მრავალჯერ გარეცხილ ერთჯერად პირბადეებზე, რომელიც თავად უფრო იქნება ინფექციის წყარო. მათ გამართლებად ის აქვთ, რომ ფული არ აქვთ პირბადის შესაძენად და ამიტომ დადიან გაცვეთილი, ძველი ნიღბით.

 

თუ საჭირო გახდება და ისევ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება, იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს, ისევ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ გამოთქვამს უკმაყოფილებას – გვიმონებენ და იმიტომ გამოგვკეტესო

 

არა და, ყველამ ჯერ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ვიცავთ თუ არა ყველა მითითებას და თუ – არა, იქნებ სწორედ ესაა მიზეზი, რომ ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X