
გუშინ, გვიან ღამით წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი გაჩნდა. სწორედ იმ დროს, აღნიშნულ სასტუმროში ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე.
ამის შესახებ კახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა და სასტუმროს ადმინისტრაციას ორგანიზებულობისთვისა და ღირსეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრაიმტაიმი“ ოთო კახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ ოჯახურად წინანდალის რედისონში. სასტუმროს დიზაინით დაწყებული, მომსახურების ხარისხით, სისუფთავით, კომფორტით და სამზარეულოთი დამთავრებული, ყველაფერი იყო საუკეთესო.
ზუსტად დაბადების დღის მიწურულს, გარე რესტორანში მსხდომებს, საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა, რომელიც თავიდან სავარჯიშო, ცრუ განგაში გვეგონა, მაგრამ მალე მივხვდით, რომ საქმე სერიოზულად იყო და სტუმრები თანამშრომლებთან ერთად პარკინგისკენ დავიძარით.
მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, მეხუთე სართულზე მდებარე საუნების მიმდებარედ (რომლებიც არ მუშაობდა), გაჩნდა ხანძარი, ბრიგადები ოპერატიულად მოვიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს.
ახლა მთავარი სათქმელი, რატომაც ამ სტატუსს ვწერ. სასტუმროს მენეჯმენტმა და ყველა თანამშრომელმა შექმნილ კრიზისულ სიტუაციას თავი გაართვეს უმაღლეს დონეზე.
– სწრაფად დააორგანიზეს სრული ევაკუაცია;
– ერთად მოუყარეს თავი სტუმრებს და გადაამოწმეს, რომ ყველა ადგილზე იყო;
– ყველას დაგვირიგეს წყალი, ვისაც სციოდათ – პლედები;
– მალევე გადაგვიყვანეს ახლომდებარე სასტუმრო – პარკ ოტელში, ჯერ ბავშვები და დედები, მერე დანარჩენები;
– ახალ სასტუმროში ყველაფერი დაორგანიზებული დაგვახვედრეს, კბილის პასტების და ჯაგრისების ჩათვლით;
– დილით საუზმის შემდეგ სართულების მიხედვით დააორგანიზეს ჩექაუთი, ავიღეთ ნივთები და წამოვედით.
უსიამოვნო ამბის მიუხედავად (რისგან დაზღვეულიც არავინაა), საბოლოოდ კმაყოფილები წამოვედით, რადგან ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. თან სულ ღიმილით და თავაზიანად.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასტუმროს ყველა თანამშრომელს და ვუსურვო, რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ თავიანთ საქმეს.“ – წერს ოთო კახიძე.
შეგახსენებთ, წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ცეცხლი მეხუთე სართულზე, საუნას გაუჩნდა და ის ორ ოთახზე გავრცელდა. ადგილზე 10 სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძრის შედეგად, ოთხი ერთეული ფართი დაიწვა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ- ჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად, არავინ დაზარალებულა.























