19:12 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რესტორნებსა და ბარებში მომხმარებელთა რაოდენობა 80-90%-ით შემცირდა

რესტორნებსა და ბარებში მომხმარებელთა რაოდენობა 80-90%-ით შემცირდა

შესაძლოა, ისეთი დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის გამო აკრძალოს. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა გავლენა იქონია ვირუსმა სარესტორნე ბიზნესზე და რა ხდება თბილისის რესტორნებსა თუ ბარებში, რომლებსაც დღის განმავლობაში ასობით მომხმარებელი სტუმრობს. როგორც გაირკვა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტუმრების რაოდენობა 50-დან 90 %-მდე შემცირდა.

 

რესტორან „ჭაშნაგირის“ წარმომადგენელის თქმით, ბოლო პერიოდში ყველა ჯავშანი გაუქმდა.

 

„მომხმარებელთა რაოდენობამ არათუ იკლო, ბოლო დროს 80-90 % ჯავშნები გაუქმდა. მომხმარებელთა კლება და ჯავშნის გაუქმება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.“- აცხადებს „ჭაშნაგირის“ წარმომადგენელი.

 

მომხმარებლის კლებაზე საუბრობს რესტორანი „კერიას“ წარმომადგენელიც. მენეჯერის თქმით მომხმარებელთა რაოდენობა 20-დან 30%-მდე შემცირებულია.

 

რესტორან „ბაბილოს“ წარმომადგენლის ინფორმაციით კი მათთან სტუმრების რაოდენობამ 90%-ით იკლო.

 

„უამრავი დიდი ჯავშანი გაუქმდა მას შემდეგ, რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები. იმედი გვაქვს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება.“- აცხადებს რესტორნის წარმომადგენელი.

 

კლიენტების სიმცირეს განიცდის კარაოკე Keep Calm სოლოლაკიც.

 

„ძალიან იკლო საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ბარში სტუმრების რაოდენობამ. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ფართის მეპატრონეს არ აინტერესებს კორონავირუსი, ქირა ქირაა და შეღავათი არ იქნებაო. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. რაც შეეხება ვიზიტორთა უსაფრთხოებას, ჩვენი ძალებით ვაკეთებთ ობიექტის ყოველდღიურ დეზინფექციას. კარაოკე ბარია და შეიძლება ინფექცია მიკროფონით გადავიდეს. ამის გამო სპირტით იწმინდება მიკროფონები. უკვე იმასაც ვფიქრობთ, ხომ არ ჯობია ერთჯერადი ჭიქები და დანა -ჩანგლები შემოვიღოთ ხმარებაში? უკვე სამი დღეა საგრძნობლად იკლო სტუმრების რაოდენობამ. როგორ მოვიქცეთ არ ვიცით!“ – ამბობს Keep Calm სოლოლაკის მფლობელი ლევან ყაჯრიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X