
15:12 | 2021-06-08
რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს, ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ – სად დაიდებს უკანასკნელ განსასვენებელს ჩვენი გენიოსი

საქართველო უდიდეს ხელოვანს, რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს გამოემშვიდობება. სცენარისტის, მხატვრისა და რეჟისორის პანაშვიდები გაიმართება დღეს და ხვალ, 8-9 ივნისს, მისსავე დაარსებულ, მარიონეტების თეატრში. გამოსვენება, ხუთშაბათს, 10 ივნისს, ანჩისხატის ტაძრიდან იგეგმება.
გენიოსი საბოლოო განსასვენებელს მთაწმინდაზე დაიდებს.
არც თუ ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დიდი არტისტი, 6 ივნისს გარდაიცვალა. ბოლო პერიოდი კლინიკაში გაატარა. გულისა და ფილტვების უკმარისობას უჩიოდა. ხშირად ურეკავდა თავის მეგობარს, რეჟისორს, ელდარ შენგელაიას და ჩვეულ სტილში, იუმორნარევი საუბრები ჰქონდა. როგორც რეჟისორის მეუღლე, ნელი შენგელაია გვიყვება, არ სურდა კლინიკაში ყოფან და აქედან წამიყვანეთო, ნახევრად ხურობით სთხოვდა.
მსოფლიოში აღიარება საკუთარმა მარიონეტების თეატრმა მოუტანა, რომლითაც სამყაროს, როგორც მისმა სრულუფლებიანმა, საუკეთესო ნაწილმა, მჭექარე ხმა მიაწვდინა.
2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას, რეზო გაბრიაძემ BBC-ის უთხრა, რომ ის თავს ხშირად დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“ აიგივებდა. ის საკუთარ თავს, მსოფლიო კულტურისაგან მიტოვებულად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კუნძულზე მყოფად აღიქვამდა.
“მახსოვს, ვაშინგტონში, კენედის ცენტრში მისი მარიონეტებით ატირებული დარბაზი, თბილისში ჩამოსული ხავიერ სოლანა, გაოგნებული, მისთვის სპეციალურად გამართული წარმოდგენით. იშვიათია, ჩვენგან კულტურულად და მენტალურად ძალიან შორს მყოფ ხალხს, სულის სიღრმეში ისე სწვდებოდეს ვინმე, რომ ცრემლებს აღვრევინებდეს. ეს რეზო გაბრიაძეს შეეძლო” – იხსენებს სალომე სამადაშვილი…
სამშობლოში კი მუდამ გვემახსოვრება მისი უკვდავი სცენარებით გადაღებული ფილმები, საუბრისას კიდევ დიდხანს გამოვიყენებთ მის ფრაზებს კინოფილმებიდან და ვეცდებით, არ დავკარგოთ ის მდგომარეობა, რაც გაბრიაძის ქმნილებების ზიარებას მოუნიჭებია.
რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, მხატვარი, სკულპტორი – ის ნამდვილი გენიოსი იყო. ჩვენ უფრო და უფრო ვღარიბდებით… საუკუნო ხსოვნა დიდ რეზო გაბრიაძეს!























