
დღეს ქალაქ მუმბაის კლინიკაში ლეგენდარული ინდოელი მსახიობი, რიში კაპური გარდაიცვალა. 67 წლის რიში ასევე ლეგენდის, რაჯ კაპურის შვილია.
სიმსივნესთან ორ წლიანი ბრძოლა მსახიობს თითქმის მოგებული ჰქონდა, კინოგადაღებები გაწერილი იყო, თუმცა მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში მოათავსეს… და ლეგენდარული კაპური დანებდა…
70-იანი წლების ინდური კინოჰიტი – “ბობი” იმ პერიოდის თაობის თითქმის ყველა მაყურებლის მეხსიერების სიმბარათზე ინახება. რომანტიკული შეყვარებული რაჯის როლს რაჯ კაპურის ვაჟი, ამომავალი ვარსკვლავი – რიში კაპური ასრულებს.
პირველ წარმატებულ როლს ასობით ფილმი მოჰყვა. მსახიობი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ძალზედ მოთხოვნადი მსახიობი იყო. მისი გეგმები ორი წლით ადრე იყო გაწერილი.
“პრაიმტაიმს” ინდური კინოს ლეგენდაზე ინდური კინოსა და კულტურის მცოდნე, დავით ბეჟიტაშვილი უყვება.
დღეს დათო მთელი დღეა სამძიმრისშემცველ შეტყობინებებს იღებს და დათრგუნულია. ის ინდოელ ვარსკვლავს 2007 წლიდან იცნობდა. მათი ახლო მეგობრობა კი 2017 წელს, ქალაქ მუმბაიდან იღებს სათავეს.
დავით ბეჟიტაშვილი: – უყვარს თუ არა ინდური ფილმი, საკულტო ფილმი “ბობი” ყველას ნანახი აქვს. ამას მოყვა ფილმი “შურისმაძიებელი” და ეს ორი ფილმი საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, შემოსავლიანობის მხრივ, უცხოური ფილმების პირველ ათეულშია.
რიში კაპურს 2017 წელს მუმბაიში შევხვდი. მან თავისი წიგნი მაჩუქა, რომელიც ახალი გამოსული იყო და შემდგომ ბესთსელერად იქცა.
მაშინ შევთავაზე საქართველოში სტუმრობა. სიმართლე ვთქვა, იმედი არ მქონდა, რომ დამთანხმდებოდა. ის ამ დრომდე ძალიან მოთხოვნადი მსახიობი იყო. ერთდროულად რამდენიმე ფილმშიც კი იღებდნენ.
მაგრამ ყოველგვარი კონტრაქტისა და გარანტიების მოთხოვნის გარეშე დამთანხმდა. ეს იმ ინტერესისგან გამომდინარე იყო, რაც მას საქართველოს მიმართ ჰქონდა.
ჩვენი ქვეყნის შესახებ მამამისისგან იცოდა. რაჯ კაპური 1954 წელს სტუმრობდა თბილისს. მეც მაშინ გადაღებული დოკუმენტური მასალა ვაჩვენე. ამას გარდა იყო კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც ის ადვილად დამთანხმდა.
1989 წელს საბჭოთა კავშირის და ინდოეთის ერთობლივი ფილმი, “შავი უფლისწული აჯუბა” გადაიღეს, სადაც ქართველი მსახიობები თამაშობენ – გიორგი დარჩიაშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია…

მოკლედ, ჩვენი შეხვედრიდან ერთი თვის თავზე რიში კაპური თბილისის აეროპორტში იყო. მისი რანგის ვარსკვლავისგან გასაოცარია ის, რომ ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოვიდა. ფრენისა და სასტუმროს გარდა, არავითარი ხარჯი არ გაგვიწევია. ამაში მეგობრები დამეხმარნენ, მათ გარეშე, ბუნებრივია, ვერაფერს გავხდებოდი.
ვიზიტი გაწერილი იყო სამ დღეზე, თუმცა ისე მოიხიბლა ყველაფრით, რომ ორი დღე კიდევ დაამატა.
რა ხდებოდა ამ ხუთი დღის მანძილზე? გავატარე ზუსტად ის მარშრუტი, რაც მამამისმა გაიარა. ავიყვანეთ ფუნიკულიორზე, ზუსტად ისე გადმოხედა თბილისს. შეხვდა კულტურის მინისტრს, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსს, კათოლიკოს პატრიარქს, რომელსაც კარგად ახსოვდა რაჯ კაპურის ვიზიტი და მოუყვა რიშის – მამაშენს ბევრი ხალხი დახვდა აეროპორტშიო.
უწმინდესმა თავისი საგალობლების დისკი აჩუქა და კურთხევა მისცა, თუ დაგჭირდებათ, ჩემი საგალობლები ფილმებში გამოიყენეთო.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წავიყვანეთ, სადაც ყველა ის ანსამბლი დავახვედრეთ, ვინც ინდურს ცეკვავს. მისი ფილმებიდან პოპური გავუკეთეთ და ძალიან ნასიამოვნები დარჩა.

ერთხელ მანქანიდან თავისუფლების მოედანზე ჩამოვიდა, თქვენ წადით სასტუმროში (რედისონში) და ფეხით მოვალო. მას ინდოეთში ფეხით სიარული არ შეეძლო. იქ კინოვარსკვლავები ღმერთების რანგში ჰყავთ აყვანილი. ქუჩაში ერთ ნაბიჯს ვერ დგამენ. ორასი ადამიანი უცებ არტყამს ალყას. ამდენად მარტო სიარულს მონატრებული იყო და რუსთაველზე გაისეირნა.
სხვა უცხოელი სტუმრებისგან განსხვავებით “გადაეკეტა” შემწვარ კალმახზე. პირველ დღეს რომ მიირთვა, მთელი დანარჩენი დღეები ქართულად უკვეთდა – კალმახიო!
მერე მე მოვხვდი მუმბაიში. მას მივწერე, რომ იქ ვიყავი. გამომიგზავნა მანქანა და ის დამატარებდა. ერთხელ თავის სახლში კაპურების მთელი დინასტია დამახვერდა. მოგეხსენებათ, რაჯ კაპურის სამივე შვილი კინოვარსკვლავია. ბავშვობის ოცნება ამიხდა და მე იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი.
თბილისში ყოფნისას მკითხა, რომელი ინდური კერძი გიყვარსო, თითქოს სასხვათაშორისოდ და იქ სტუმრად მისულს დამახვედრა…
სასტუმროში საჩუქრებს მახვედრება, ინდურ ტანსაცმელს, რაც ახლა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ამ მომენტების გახსენება ძალიან ემოციურია ჩემთვის… დღეს ამ ამბავმა ძალიან დამანგრია…
ჰქონდა ბევრი გეგმა, მათ შორის სურდა საქართველოში რაჯ კაპურის ბიუსტი დაედგა. მე შევეცდები მისი ეს სურვილი ავასრულო.
ბოლო ორი წელი ებრძოდა სიმსივნეს. ერთი წელი ნიუ-იორკის კლინიკაში მკურნალობდა. გასული წლის ბოლოს გამოჯანმრთელებული დაბრუნდა ინდოეთში. ჯანზე იყო, გადაღებებსაც დაუბრუნდა, მეც შემეხმიანა…

თებერვალში ვირუსით მოათავსეს კლინიკაში. გამოწერეს და თითქოს უკეთ იყო. მაგრამ წუხელ ღამით, კლინიკაში, სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს და დილით ცხრა საათზე გარდაიცვალა.
დღეს მთელი დღეა მთელი ინდოეთი შოკშია. საღამოსვე ჩაუტარდა კრემაცია, სამხედრო პატივით, ზალპებით…
მაყურებლის ხსოვნაში ის თავისი გმირებით დარჩება. რიში ნამდვილი ლეგენდა იყო.
ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან მეგობრობა. მე ბედნიერი ვარ, რომ რიში კაპურს ვიცნობდი და მასთან აქტიური კავშირი მქონდა.






















