17:05 | 2020-06-19 ავტორი: თამარ გონგაძე

რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ

რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ

რამდენიმე წლის წინ, ბესიკ ხარანაულის სოფელ ლიშოში, გიორგი კეკელიძის სტუმრობისას, გაჩნდა ერთი საინტერესო იდეა. მწერლის გომური ლიტერატურული სალონური შეკრებებისთვის კეთილმოეწყოს. გიორგი გუშინ ისევ სტუმრობდა ხარანაულს, რომელმაც არტ-გომურის იდეაზე შეახსენა.

 

გიორგი კეკელიძე: – რა მოხდება ამ არტ-გომურში? ეს იქნება სახელოვნებო სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებს გაუზიარებენ. გაიმართება ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეკრებები. ეს ყველაფერი დედაქალაქიდან მოშორებით, თიანეთის სოფელ ლიშოში გაკეთდება და ადამიანებს დაეუფლება განცდა, რომ კონკრეტული ცენტრის მიღმაც არსებობს სამყარო, სადაც მნიშვნელოვანი ამბების დატრიალება შეიძლება.

 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს ფოტო.

 

ცხადია მე კონცეფციის განვითარებაზე ვიზრუნებ, სპონსორების მოძიებაზე კურატორობას ეროვნული ბიბლიოთეკა აიღებს. თუმცა ეს იქნება ბესიკ ხარანაულის არტ-გომური, მისსავე საკუთრებაში. ერთობლივი ძალებით ვაპირებთ ამის გაკეთებას. შემოქმედებით ნაწილს სათავეში, ჩემთან ერთად, ის ჩაუდგება. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, იმედი მაქვს, რეზულტატს მალე დავდებ. მით უფრო, რომ ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული.

 

ბესიკ ხარანაული ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედია. რამდენადაც დიდი პოეტია, იმდენად ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანი გახლავთ. ეს მის სახლში ყველა ნიუანსს ეტყობა. ლიშოში ხარანაულის სამფლობელო გაგრძნობინებს, რომ დიდ პოეტად ყოფნა, ე.წ. წარმატებულ და ჩვეულებრივ ადამიანს შორის საზღვრის წაშლაა.

 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს ფოტო.

 

ობობების სამფლობელოდან ლიტერატურულ სალონამდე

 

ლიტერატურული სახელოსნოს გაკეთება-აგუგუნებამდე, ბატონი ბესიკი, თავისუფალ დროს, თავს მოწყენილი გომურის კუთხეებში გაბმული ობობის ქსელების ყურებით ირთობს.

 

ბესიკ ხარანაული: – ისეთი მშვენიერი ქსელებია გაბმული, გაგიჟდები, მათი ყურება გაგიტაცებს. არ ვიცი, ესენი ვინ არიან?! ობობები ძალიან მაგარი “ხალხია”.

 

როდესაც ეს სახლი ვიყიდე, ოც სულამდე საქონელი ება ამ გომურში. ძველებური დიდი გომურია. ახლა ამხელა გომური არავის აქვს. ქვის მშვენიერი შენობაა, მაგრამ გასაკეთებელი.

 

თიანეთი ნიჭიერი ხალხის კუთხეა. ჩემი სახლი და გომური სადაც იყურება, აქედან იწყებოდა ფშავი. აქ ენის დახვეწილი ფორმებია. პოეზიის სიყვარული ყველას აქვს, მართალია, ახალგაზრდებმა უკვე არ იციან, მაგრამ ჩვეულებრივი, უბირი კაცი, რამდენსაც გინდა, იმდენ ლექსს გეტყვის. ამით ცხოვრობენ.

 

ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა -  რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში
2020-06-16ვერც კი ხვდები, აქ იყო თუ სიზმარს გამოჰყვა - რატომ დასახლდა გიორგი კეკელიძე დუშეთში

 

არ ვიცოდი, ლიტერატურით დაინტერესებული ამდენი ახალგაზრდული ჯგუფი თუ არსებობდა. და სასიხარულოა, რომ ეს ხალხი მე მომადგა. ჩვენს ქვეყანაში ენთუზიაზმი ჩამკვდარია. სადღაც სანთელი რომ ანთია, იმედს იძლევა და ადამიანებში ენთუზიამს აღვიძებს. ამიტომ მინდა ეს სანთელი ამ გომურში ენთოს.

 

გერმანიაში რომ ვიყავი, იქაც გამოთქვეს ნაცნობებმა ჩემთან ჩამოსვლის სურვილი. რომ ჩამოვიდნენ, სად მივიღო? სად მოვიწვიო ლიტერატურაზე სასაუბროდ ჩამოსული ხალხი? ჩემთან ნანახ სიღარიბეს მოითმენენ, მაგრამ გომური უკვე დანგრევის პირასაა, ბოძებს ვუდგამ.

 

ილიას მაგალითს მოვიყვან, თუმცა შედარებას არ ვაკეთებ, უგუნურებაა ამის სხვანაირად გაგება. საგურამოს სახლი ილიას ააშენებინეს და აუშენეს კიდეც. ილია საქართველოს სახლიც იყო და კარიც. მინდა ასე აშენდეს ჩემ გომური, თავშეყრის ადგილად.

 

2020-06-16"არ ჰგავს!" - ოტია იოსელიანის ბიუსტი მწერლის ოჯახმა დაიწუნა

 

მუზეუმი კი არ მინდა, არც ხუჭუჭი აზრები მაქვს. ჩვეულებრივი, ფეხზე მდგარი, სადა შენობა მინდა, სადაც ადამიანი შევა, დაჯდება, ისაუბრებს და გამოვა. იქნება ხალისის, სიყვარულის, იდეების და მუზემის სამფლობელო. კულტურის მუშაკების შესახვედრი მშვიდი და წესიერი ადგილი მინდა.

 

გიორგი კეკელიძე ჩვენნაირი მწერალია, მე რა მოთხოვნა უნდა მქონოდა მასთან, მაგრამ თვითონ დატრიალდა ამ იდეის განსახორციელებლად. სულისკვეთებიანი კაცია. ისე არ ლაპარაკობს, თუ არ გააკეთა.

 

მოკლედ, ბოკალი ღვინით ხელში ლიტერატურული ჭუკჭუკი მალე გაგემართოთ…

 

– მადლობა, გენაცვალე. ღვინოზე კი არ მიფიქრია. რატომაც არა? მოუხდება.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X