
„რისკების ბალანსირებისთვის უმჯობესია გარკვეული პერიოდის განამვლობაში ნებისმიერმა დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტოს. რეკომენდირებულია რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავად ხელმძღვანელობის მიერ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის ტელევიზიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, ამ შემთხვევის დასრულება გართულებების გარეშე მოხდება.
„აჭარის ტელევიზიაში შემთხვევის, გამოვლენის შემდეგ ეპიდკვლევა მიმდინარეობს და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ სრულად შეფასდეს სიტუაცია, რათა უსაფრთხოდ განაგრძოს ტელევიზიამ მუშაობა. განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება. გარდა იმისა, რაც მოხდებოდა სხვა დაწესებულებაში მსგავსი შემთხვევა რომ დამდგარიყო. რისკების ბალანსირებისთვის უმჯობესია გარკვეული პერიოდის განამვლობაში ნებისმიერმა დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტოს. როდესაც ასეთი შემთხვევა დგება და ამდენად, როდესაც ტელევიზიაზე ვსაუბრობთ და იქ მოძრაობა, კონტაქტების ალბათობა და აქტივობა ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავად ხელმძღვანელობის მიერ. მე ვფიქრობ, უსაფრთხოდ მოხდება ამ შემთხვევის დასრულება ისე, რომ არ მიჰყვეს შემდგომი ეპიდემიოლოგიური გართულებები“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის,კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.
ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა, ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია.























