
„ტურიზმთან დაკავშირებით, რისკი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულების რიცხვი სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს რიცხვებზე მეტია, მთელ მსოფლიოში დღეს ყველა ქვეყანა ამსუბუქებს სიტუაციას.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ყველა მიხვდა, კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება არც ერთ წელიწადში, ამიტომ, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები, კორონავირუსის ინფექციასთან თანაცხოვრების.“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით,შესაძლებელია ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდეს, თუმცა სწრაფი რეაგირების გეგმით ფართომასშტაბიანი ეპიდემია თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
„უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და სწრაფად რეაგირების საშუალებები იმისთვის, რომ თუ ასეთი მიკრო ეპიდაფეთქებები იქნა, თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია. ამიტომ, უნდა იყოს ოქროს ბალანსი, ანუ სწორი ბალანსი.
ერთ მხრივ, შეიძლება გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, უნდა იყოს დაბალანსებული ჯანდაცვისა და პრევენციული ღონისძიებებით.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















