
ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე დიდი ხანია არ მალავს რომანს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდ“ ლაშა ბარათელთან. ბეგაშვილი მეგობარ მამაკაცს ესპანეთში ხშირად სტუმრობს, რისი ამსახველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავადვე გაავრცელა.
ლაშა ბარათელი საქართველოში ბოლოს 2016 წელს, ყაზბეგის ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ის მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. იმავე დღეს ლაშა ბარათელს ქვეყანა დაატოვებინეს.
ეს „კანონიერი ქურდის“ კრიმინალურ კარიერაში ბოლო დაკავება იყო. პირველად კი ის ჯერ კიდევ 14 წლის წლის ასაკში, 2006 წელს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის დააკავეს. ეს კადრებიც ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაშია გადაღებული, როდესაც ცნობილმა მომღერლებმა, მათ შორის „კაბუმ“ და „ბედინამ“ არასრულწლოვან პატიმრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ლაშა ბარათელს კრიმინალურ წრეებში „ჭიას“ მეტსახელით იცნობენ. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ის ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა.
ბარათელი ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან.
სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ბარათელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.
კადრები ავჭალის კოლონიიდან (2006 წელი)⇓























