
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს Covid – 19-ის ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაამტკიცა. მედიკოსების განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. აღნიშნული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის – მეთ ჰენქოქის ცნობით, შრატით ვაქცინაცია 4 იანვრიდანაა დაგეგმილი. ინფორმაციას ბრიტანული პრესა – Mirror ავრცელებს.

იმის შემდეგ, რაც მარგარეტ კინანი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვინც კორონავირუსის ვაქცინა მიიღო, დიდ ბრიტანეთში 600 000-ზე მეტ ადამიანს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ Oxford-AstraZeneca-ით აცრილი ადამიანების რაოდენობა ძალიან მალე აღნიშნულ რიცხვს გადააჭარბებს, ვინაიდან იგი სხვა შრატებთან შედარებით იაფია. ამასთან ერთად, საინტერესოა ისიც, რომ განსხვავებით Pfizer-BioNTech-ის შრატისგან, აღნიშნულ ვაქცინას მინუს 70 გრადუსზე შენახვა არ ესაჭიროება, რაც ვაქცინის მობილობას უფრო ამარტივებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიტანეთმა ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ 50 მილიონ ადამიანს ეყოს.
დიდმა ბრიტანეთმა იმუნიზაციისათვის პრიორიტეტული ჯგუფების ნაწილი უკვე გამოყო. უპირველესად ვაქცინას მიიღებენ: მოხუცები, თავშესაფრების თანამშრომლები და მათში მცოვრებნი.
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და საზოგადოებაზე ზრუნვის განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველადი ვაქცინაციიდან 12 კვირის განმავლობაში ვაქცინის მეორე დოზას ყველა ადამიანი მიიღებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.






















