
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 15 ივლისის შემდგომ ქვეყანაში როგორი რეგულაციები გავრცელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე გადაწყდება.
„ვინაიდან ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება.
შესაბამისად, ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე.
სწორედ იმ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რაც იქნება სტატისტიკურად, რაც იქნება ეპიდემიოლოგების რჩევა და რა მოცემულობაც იქნება რეგიონში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორი რეგულაციებით ვიმოქმედებთ 15 ივლისის შემდეგ.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ამ ვირუსის გავრცელება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, პირბადის ტარება არ მოითხოვება სკვერებში, ღია სივრცეებსა და ქუჩაში.
„რაც შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, რაც არ არის განკუთვნილი კერძო საკუთრების მიზნებისთვის, აქ სავალდებულოა პირბადის ტარება.
სერვისით სარგებლობის დროს, სავაჭრო ობიექტებში, ასევე საჯარო დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილების დროს, აუცილებელია პირბადის ტარება.
ეს არის ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი,“ – აღნიშნა ოხანაშვილმა.
























