
მოდელი გიორგი ნაზღაიძე კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სამსახურის გარეშე დარჩა. რა გავლენა იქონია დაწესებულმა შეზღუდვებმა მასზე და ზოგადად, შოუბისნესზე, ამის საკითხზე გიორგი ნაზღაიძე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
– გიორგი, როგორ გაატარეთ ზაფხული?
– ზაფხული კი დასრულდა ვიღაცეებისთვის, მაგრამ ჩემთვის გრძელდება. ეს ზაფხული მთაში გავატარე. რადგან ვირუსია ზღვას მოვერიდე. ჯერ მეგობრებთან ვიყავი, შემდეგ ჩემს აგარაკზე, ახლა თელავში ვარ ზუზუმბოზე მეგობრებთან, აქედან ისევ ჩემს აგარაკზე წავალთ, სადაც ჩემს სხვა მეგობრებსაც აქვთ სახლები და ასე ვისვენებთ.
– კორონავირუსმა რა გავლენა მოახდინა თქვენს საქმეზე და ცხოვრებაზე?
– სამსახურის კუთხით იქონია გავლენა. მე გაყიდვების სფეროში ვმუშაობ და კორპორატიული წვეულებები მიმყავს, კორონავირუსის შემდეგ კი ღონისძიებები გაუქმდა და გაყიდვების სფეროშიც შემცირდა შემოსავლები.
ამიტომ სამსახურის გარეშე დავრჩი დროებით. ფინანსური დარტყმა მივიღე, მაგრამ არა ისეთი, სხვებივით დავდგე და ვიტირო.
ვინც სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხულ დახმარებაზეა დამოკიდებული, იმ ადამიანებმა რა უნდა ქნან მაშინ? თავი მოიკლან?
ისეთი ხალხი ტირის, მე მრცხვენია მათ ნაცვლად.
– ტელევიზიაში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
– სურვილი მაქვს ტელევიზიაში დავბრუნდე. მაინცდამაინც ტელეწამყვანობა არ მინდა. ყველა პოზიციაზე ვიმუშავებ, რადგან ყველაზე კომფორტულად იქ ვგრძნობ თავს, ეს არის სტაბილური საქმიანობა, რომელიც ამავე დროს კარგად გამომდის და მიყვარს.
„მზის“ დახურვის შემდეგ, უმუშევრები დავრჩით მთელი ჯგუფი. იმ დროს დაქორწინებას ვაპირებდი, ამერიკაში წავედი ორი წლით და სამსახურს დიდად აღარ მივაქციე ყურადღება, როცა დავბრუნდი ხან სტუმრად მივდიოდი ტელევიზიაში, რადიოში ვმუშაობდი და ასე გავიდა 7 წელი.
ახლა კი მივხვდი, ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი საქმე და მინდა იქ დაბრუნება, არა იმიტომ რომ ტელევიზორში გამოჩენა ან ხელფასი მინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ამ სფეროში ვგრძნობ თავს.
– ხომ არ ნანობთ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებას?
– მე მიყვარს ეს ქვეყანა და იმიტომ დავბრუნდი, რომ აქ დავიმკვიდრო თავი. ამერიკაში კარგად ვცხოვრობდი, ყველაფერი მქონდა, მაგრამ ჩემი ქვეყანა მაძლევს იმ ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს, რასაც ვერცერთი ქვეყანა ვერ მაძლევს.
ამერიკიდან რუსეთში წავედი სამი წლით სამუშაოდ, ეს აქამდე არც მითქვამს, სარესტორნო ბიზნესში ვიყავი, ავამუშავე ეს რესტორნები და წამოვედი. ჩემი საქმიანობა სტაფის მომზადება და რესტორნის ამუშავება იყო.
– ადრე ძალიან თამამი და ეპატაჟური ადამიანი იყავით, მეჩვენება თუ რაღაც გადაფასებები მოხდა თქვენში და ახლა შეიცვალეთ?
– მე ვეწინააღმდეგები სიტყვა ეპატაჟს. ჩემს თავს ვუწოდებ ადამიანს, რომელიც სიმართლეს ამბობს. სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით არავის არ ვუძვრები.
მე ჩემს პოზიციას სულ გამოვხატავ. გადაფასება მოხდა ის რომ გავიზარდე და მივხვდი ნაკლები ყვირილის გარეშე შემიძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება, მივხვდი რაც არ უნდა ვიყვირო, თუ ადამიანი ხისთავიანია, დარჩება ხისთავიანი. ადამიანი ასაკთან ერთად უნდა განვითარდეს და ამას ვახერხებ კიდეც.
– სოციალურ ქსელში ჩანს, რომ აქტიურად ადევნებთ თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს…
– იქედან გამომდინარე რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, გული შემტკივა ქართველებზე. სულ ვცდილობ კარგი ინფორმაცია მივიღო, მაგრამ აღარ არის დადებითი ინფორმაცია.
ამდენი სიკვდილი, დაჭრა, თვითმკვლელობა, იმიტომ ხდება, რომ ხალხი ჩამოშორდა ეკლესიას.
ტაძარი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი ღმერთთან იყოს ახლოს, ილოცოს. კეთილსინდისიერი მამაოები გვასწვალიან მიტევებას, პატიებას, სიყვარულს, ჩვენ კი მათ არ ვუსმენთ.
ხალხი დასაჩეკინებლად და ლაივის ჩასართავად დადის ეკლესიაში.
ღმერთს, როდესაც შორდება ადამიანი, ის ადამიანსაც შორდება და ამ დროს იმარჯვებს ეშმაკი.
სამწუხაროდ, ეკლესიის დისკრედიტაციას ხელს უწყობს მამაოების ერთი ნაწილიც. ზოგიერთ მამაოს, როცა უყურებ ვერ ხვდები მოდელია თუ სასულიერო პირი. ჩემმა მეგობრებმა მამა პეტრე კოლხის ინსტაგრამი მაჩვენეს და გაოგნებული დავრჩი.
ვერ მივხვდი ეს კაცი მამაოა თუ მოდელი?
დღეს მამაოების ნაწილი გადასულები არიან ბიზნესის კეთებაზე, ფიქრობენ როგორ შეჭამონ ლობიანი „ანტრეში“, რომელი ჯიპი შეარჩიონ და იმედი მაქვს, ასეთი სასულიერო პირები მალე ჩამოშორდებიან ჩვენს საპატრიარქოს.






















