
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი, ამირან გულუაშვილი განმარტავს, მელიას ან სხვა პირის მხრიდან გირაოს გადახდას როდის აღარ ექნება აზრი.
როგორც პროკურორი ამბობს, მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, გირაოს თანხა ანულირდება.
„ნიკა მელია ამ დრომდე ისევ რჩება გირაოს რეჟიმში. მას შემდეგ, რაც თქვენი თანხმობის არსებობის პირობებში, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ანულირდება გირაოს მოცემულობა და თანხის გადახდა კარგავს აზრს. რაც შეეხება სხვა პირის მხრიდან თანხის გადახდის შემთხვევას, სამართლებრივი პროცედურები არის იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადაიხდის გირაოს. ბრალდებულს აქვს უფლება იცოდეს, ვინ განახორციელა გადახდა, ამიტომ გირაოს გადამხდელის შესახებ ინფორმაცია იდენტიფიცირებული იქნება“,- განცხადა ამირან გულუაშვილმა.
პროკურატურამ პარლამენტს მანდატის მოხსნის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი თანხას არ გადაიხდის.
ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.























