20:18 | 2020-03-19 ავტორი: Prime Time

როდის იქნება კორონავირუსის პიკი? – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

როდის იქნება კორონავირუსის პიკი? – რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის გავრცელების შესახებ საუბრობს.

 

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის.

 

არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ, პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღღა.

 

ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ეს მოხდა, ხომ ძალიან კარგი, თუმცა კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები თუ გამოამჟღავნა, ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, შესაძლოა, ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში, ივლისში და ასე შემდეგ“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 40 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 592 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: Prime Time

X