
ივნისის თვეში საქართველოს პრემიერი ვალდებულია გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია პარლამენტს პირველ ივნისამდე წერილობით ანგარიშს წარუდგენს და ამავე თვეში მოხდება მისი მოსმენა.
მდინარაძის შეფასებით, ეს იციან ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც, ამიტომ, მათი მოთხოვნა გახარიას პარლამენში ინტერპელაციით მისვლაზე უადგილოა.
„ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ოპოზიციამ, რომელმაც მოითხოვა, რომ ინტერპელაციის წესით 29 მაისს მოვიდეს პრემიერი პარლამენტში.
რეგლამენტში წერია, რომ ყოველი წლის პირველ ივნისამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს, ხოლო ამ ანგარიშის დეტალების შესახებ საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება იმავე თვეში, ანუ ივნისის თვეში.
ანუ, სულ რაღაც ორ დღეზეა ლაპარაკი. 2 დღით დაასწრეს რეგლამენტს, ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგეს კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იციან რეგლამენტი და ისიც იციან რომ ივნისის თვეში საქართველოს პრემიერი ვალდებულია გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტში და შეუძლია ნებისმიერ პარლამენტარს გასცეს პასუხი“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე – ''თავისუფალი სივრცე''
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად პრემიერ მინისტრი პარლამენტში ივნისის თვეში მივა და ოპოზიციის მოთხოვნას პრემიერის მისვლაზე პოპულისტური უწოდა. მისი თქმით „ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცის პარლამენტის რეგლამენტი“.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Mittwoch, 6. Mai 2020






















