14:54 | 2021-11-12 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

როგორ აფასებენ “ქართულ ოცნებაში” სააკაშვილის ულიმატუმს შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით

როგორ აფასებენ  “ქართულ ოცნებაში” სააკაშვილის ულიმატუმს შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით

გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის პირობა დაასახელა, პროტესტის ამ ფორმას ექსპრეზიდენტი იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ მას საქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

 

სააკაშვილის ამ განცხადებას “ქართულ ოცნებაში” ეხმაურებიან. მართველი გუნდისთვის პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ულტიმატუმი მიუღებელია.

VIDEO: დიმიტრი გორდონმა და ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო დალიეს
2021-11-12VIDEO: დიმიტრი გორდონმა და ბუბა კიკაბიძემ მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო დალიეს

 

“მისი პირობები, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში ის შეწყვეტს შიმშილობას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პატივს არ სცემს არცერთ სახელმწიფოს და, მათ შორის, არც საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც დაჟინებით მოუწოდებს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა.

 

ის, თუ სად უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, ბუნებრივია, არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და ამის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულების გადასაწყვეტი. პატიმარ სააკაშვილის ულტიმატუმები სრულიად მიუღებელია არამარტო საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სასამართლოსთვისაც,”- აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

“ოცნების” ერთ-ერთი წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ექიმებმა უნდა მიიღონ.

 

“გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა, ეს დამოკიდებული უნდა იყოს არა ულტიმატუმზე, არამედ კონკრეტული საჭიროებებზე, რაც ექიმების მხრიდან იქნება დანახული. პენიტენციური სამსახური უნდა დაინტერესდეს სწორედ ამ კონკრეტული საკითხის შეფასებით, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენად იარსებებს მისი საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა,”-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მას საქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X