12:25 | 2020-07-20 ავტორი: Prime Time

როგორ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია – ლიდერების ყველა განცხადება ერთად

როგორ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია – ლიდერების ყველა განცხადება ერთად

„ქართული ოცნების“ გუნდმა ცოტა ხნის წინ მაჟორიტარები წარადგინა. პომპეზური პრეზენტაცია წარდგენამდე პარტიის ლიდერების არანაკლებ ომახიანი განცადებები უძღოდა წინ.

 

წარმოგიდგენთ თითოეულის შინაარსს – ვინ როგორ ხედავს მმართველი გუნდის განვლილ რვა წელს, დამსახურებებს, პრობლემებს და რა იმედები აქვთ მომავალში:

 

ბიძინა ივანიშვილი – “მინდა დავიწყო მადლობით”

 

 

“მინდა დავიწყო მადლობით”- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ სტუმრებს.

 

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, კრიზისმა დაანახა ქართველი ხალხი, რომ ქვეყანა სანდო ხელშია.

 

„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს სულ მალე დავუბრუნდით. ამიტომ მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს. მადლობა ქართული ოცნების გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდი განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს.

 

ჩვენ ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველოს ვირუსისგან თავისუფალ ზონად მოიხსენიებენ. ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ საქართველო სანდო ხელშია და ის, რო „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში სიმშვიდის გარანტი“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრული ტექსტი იხილეთ ამ ლინკზე: https://ptn.ge/modith-kvlavats-erthad-vashenoth-chveni-qveqhana-bidzina-ivanishvilis-mimarthva/

 

ირაკლი კობახიძე – ვიღებთ პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე

 

 

„როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს მაქვს პატივი ოცნების საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო”,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებს.

“პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით წელს საარჩევნო კამპანიის დაწყების ცერემონია განსხვავებული ფორმატით ტარდება, რის გამოც სამწუხაროდ მასში მონაწილეობას ვერ იღებს „ქართული ოცნების“ წარმატებითა და ჩვენი ქვეყნის წინსვლით დაინტერესებულმა მრავალმა ადამიანმა. თუმცა მომდევნო 3 თვის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე. ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები ქართული ოცნება როგორც მართველი პარტია იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე,“- განაცხადა კობახიძემ.

 

კახა კალაძე – ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა

 

 

კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და 2012 წელს დამარცხებული „ძალადობრივი რეჟიმი“ გაიხსენა.

 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავება შეუძლია.

 

ჩვენ ვიცით რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის განვითარებული, წარმატებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.

 

მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, თუმცა აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს, როცა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით მოახერხა ძალადობრივი რეჟიმის დამარცხება და თავისუფლების დაბრუნება. მაშინ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო.

 

ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა ქვეყანას კვლავ ბევრი გამოწვევა აქვს,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

 

არჩილ თალაკვაძე – საქართველო მზად არის სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს

 

 

„რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

 

ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა”,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

 

გიორგი გახარია – ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით

 

 

გიორგი გახარიას თქმით, არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს.

 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
2020-07-20„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

 

„დარწმუნებული ვართ, ჩვენ ამ კამპანიაში გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება, რადგან ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.

 

ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ შენება ყოველდღიურად დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყნის, ეს გახდა შესაძლებელი მხოლოდ ამიტომ. პროპორციული არჩევნები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მიღწევასთან ერთად, არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა.

 

ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეები, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მამუკა მდინარაძე – ჩვენ დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი, რომლებიც გააუმჯობესებენ საპარლამენტო ცხოვრებას

 

 

„ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და ისინი თითოეული არიან ღირსეულები და საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. თქვენ ნახეთ, რომ მათ შემადგენლობაში არიან ახალი სახეებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან „ქართულ ოცნებას“ და კანდიდატების ასეთი სინთეზი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი: Prime Time

X