14:17 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

როგორ ფასდებოდა არჩევნები 2012 წლამდე და როგორ ფასდება ახლა? – საერთაშორისო გამოხმაურებები

როგორ ფასდებოდა არჩევნები 2012 წლამდე და როგორ ფასდება ახლა? – საერთაშორისო გამოხმაურებები

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს „არალეგიტიმურად“ აფასებენ და იგივეს მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებასაც.

 

მთავარ არგუმენტად კი ძალადობრივი გარემო, სავარაუდო მოსყიდვა და ოქმებში არსებული შეუსაბამობები მოჰყავთ, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ოქმების შედგენისას ტექნიკური შეცდომები სახელისუფლებო კანდიდატების საზიანოდაც არის დაშვებული, რაც თავისთავად მიზანმიმართულ გაყალბებას არ ნიშნავს.

 

ოპოზიციის ხმაურის მიუხედავად, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს საერთაშორისო საზოგადოება. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ პირველად ანგარიშში ხაზგასმით ჩაწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.

 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამავე ანგარიშში პრობლემურად მიიჩნიეს, საარჩევნო უბნებთან დამკვირვებლების კონცენტრაცია, ასევე ის გარემოება, რომ არ არსებობს მკაფიო გამიჯვნა მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა ეს არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებს. ამავე პოზიციას იზიარებს აშშ-ს საელჩო. ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ოპოზიციას პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევნების მეორე დღესვე დემონსტრაციის გამართვა ამომრჩევლების ნების უპატივისმცემლობაა.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, მოსალოდნელიც იყო, რომ საერთშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად სცნობდა, ვინაიდან გაცილებით მძიმე დარღვევებით და ძალდობრივ გარემოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაც კი არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა უმკაცრესი შეფასებები მისცეს, თუმცა იქვე განმარტეს, რომ არალეგიტიმურობაზე საუბარი გადაჭარბებულია.

 

„2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები იყო იმედგაცრუება, თუმცა შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ ის არალეგიტიმური იყო“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა მათიას იორშიმ 2008 წლის 21 იანვარს სტრასბურგში გამართულ ზამთრის სესიაზე.

 

”მე და კომიტეტი ვიმედოვნებდით, რომ საქართველოში უკეთესი არჩევნები ჩატარდებოდა, განსაკუთრებით იმ მაჩვენებლების ფონზე, რომელიც ქვეყანამ უჩვენა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე… ამრიგად, მრავალი თვალსაზრისით, არჩევნები იმედგაცრუება იყო, მისი ჩატარებისა და ორგანიზების კუთხით”, – განაცხადა იორშიმ.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ”სახელმწიფო რესურსების არათანაბარ ხელმისაწვდომობაზე და დაშინების შემთხვევებზე”.

 

”შემიძლია ამის დამადადასტურებელი უზარმაზარი სია წარმოგიდგინოთ,” – დასძინა იორშიმ.

 

”ამრიგად, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არასწორი იქნებოდა, თუ [საქართველოს] ხელისუფლება იტყოდა არჩევნების შემდეგ: ჩვენ ფანტასტიური, ძალიან კარგი არჩევნები ჩავატარეთ და ის მეტი ვეღარ გაუმჯობესდება – ეს იქნებოდა უზარმაზარი შეცდომა,” – განაცხადა იორშიმ.

 

იმავე არჩევნებს აკრიტიკებდა ოფიციალური ვაშინგტონიც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ „ეს არჩევნები არ იყო მოდელი ან მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვამაც მიბაძოს”.

 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას არჩევნების დასრულებისთანავე დაუპირისპირდა და ოქმების გამოქვეყნების შეგნებულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ვინაიდან ეჭვობდნენ, რომ სწორედ ამ მომენტში ოქმების გადაწერა ხდებოდა. მსგავსი ვარაუდი გამოთქვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ხათუნა გოგორიშვილმა, თუმცა მოდით აქვე ვნახოთ, რას ამბობდა 2008 წელს მისი ამჟამინდელი თანაპარტიელი ლევან თარხნიშვილი, რომელიც მაშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა.

 

”მე მესმის ის მოუთმენლობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ამ შედეგების გარშემო, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ის მიზეზი, რის გამოც შედეგების შეჯამება ცოტა გაჯანჯლდა: პირველი, თოვლმა შეაფერხა მთელი რიგი უბნებიდან რეზულტატების გამოტანა; მეორე, არჩევნების გარდა დღეს ტარდებოდა პლებისციტის ორი კითხვა და შესაჯამებელია სამი მონაცემი; და მესამე, კომისიების პარტიული შემადგენლობიდან გამომდინარე თითოეულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარეობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ცხარე დებატები, რაც ასევე აგრძელებს ხოლმე პროცესს, მაგრამ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხალხი გაგებით მოეკიდება ამ მცირე შენელებას”, – აცხადებდა ლევან თარხნიშვილი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

 

რაც შეეხება წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ ბოლო, 2012 წლის არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც შეფასებები საკმაოდ მკაცრი იყო. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ საარჩევნო ყუთებს პირდაპირ სპეცდანიშნულების რაზმები იტაცებდნენ და უშიშროების სამსახურები ღიად იყვნენ ჩართულნი არჩევნების გაყალებებაში.

 

მაგალითად, საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველო წერდა, რომ ხაშურის ოლქში სულ ცოტა ხუთ უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ და ზოგ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები წაიღეს უბნებიდან და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს.

 

ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, „ხმების დათვლის დროს შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა მცირე ხნის შემდეგ უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გაყარეს. შედეგად, დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. საოლქო კომისიამ სწორედ ეს ოქმი ჩაიბარა“.

 

ორგანიზაციის ცნობით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა ასევე მე–19 უბანზეც, სადაც „დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გამოაძევეს“. მსგავსი ფაქტები მოხდა მე–5 და 45–ე უბნებზეც, რის შესახებაც საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს განცხადებით, მას ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ აცნობა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პრობლემები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი არჩევნების არალეგიტუმრად ცნობისთვის – ასეთია აშშ-ს საელჩოს პოზიცია.

 

„აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კოვიდ-19 პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას. ქვეყნის მასშტაბით ათასობით პასუხისმგებლიანი საარჩევნო მუშაკი და პროფესიონალი სადამკვირვებლო ჯგუფები იმსახურებენ დაფასებასა და მადლიერებას საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა ხმის გამოხატვის უფლების მხარდასაჭერად გაწეული სამუშაოსთვის.

 

ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას“.

 

საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X