
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.
ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1% იქნება.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ეხმაურება და „რეზონანსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია როგორ გადანაწილდება საარჩევნო ოლქები.
„მე თავიდანვე ვამბობდი, რომ მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა 130/20-ზე, ხელისუფლება დათანხმდებოდა 120/30 მოდელს. მთავარი არის, რომ შეთანხმება მიღწეულია, დაძაბულობა მოიხსნება და არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს არის დადებითი მოვლენა.
დადებითია ისიც, რომ ხელისუფლება წავიდა კომპრომისზე და ეს უნდა აღინიშნოს. ახლა მთავარი არის როგორ გადანაწილდება მაჟორიტართა მანდატები, ანუ როგორ იქნება განსაზღვრული საარჩევნო ოლქები. აქ არ უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო გეოგრაფია, ანუ თანაბარი რაოდენობა ამომრჩევლის უნდა იყოს ყველა ოლქში.
რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა შედეგებს ამ არჩევნებში, პროგნოზი ძნელია. შეიძლება ერთი დიდი რესტორანი წავაგო, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერცერთი პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, „ოცნება“ კი 35%-ზე მეტს და მერე უკვე უნდა ეძებოს პარტნიორები, რომლებიც მასთან ერთად შევლენ კოალიციაში.
თუ პროპორციულ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია ერთად იქნება, დაახლოებით 30%-ს აიღებს. არ ვიცი, რა პოზიციას დაიკავებს „ლელო“, მაგრამ 10% განაღდებული აქვს. „ევროპული საქართველოსთვის“ ალბათ 10% ზედა ზღვარია“, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
წყარო: რეზონანსი






















