14:54 | 2021-10-21 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – ექიმი-თერაპევტის რჩევები “პრაიმტაიმის” მკითხველს

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი – ექიმი-თერაპევტის რჩევები “პრაიმტაიმის” მკითხველს

სტრესი, გადაღლილობა, არასწორი კვება, იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს. არამყარი იმუნიტეტი ახალი ან ძველი დაავადების წარმოჩენის თუ გააქტიურების მიზეზი ხდება.

 

ძლიერი იმუნიტეტი ყოველთვის და მით უფრო, ახლა, გრიპებისა და პანდემიის (ტვინდემია) დროს, საჭიროა.

 

მწვავე რესპირატორულ და ვირუსულ დაავადებებს ძლიერად ვუმკლავდებით, როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა “ფორმაშია”.

 

რა უნდა გავაკეთოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად? კითხვაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი, პროფესორი, ექიმი-თერაპევტი, მაკა ბულეიშვილი გვპასუხობს.

 

 

მაკა ბულეიშვილი: – ზამთრის პერიოდში იმუნური სისტემა ქვეითდება. მზე ნაკლებია, რომელიც ორგანიზმში ხელს უწყობს სხვადასხვა მიკროელემენტების გამომუშავებას, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის პირზე, იმუნური სისტემის დეფიციტი ვითარდება. განსაკუთრებით აღინიშნება D ვიტამინის ნაკლებობა.

 

სტრესი, უძილობა, გადატვირთული გრაფიკი, აღგზნებადობა იმუნური სისტემის დეპრესიას იწვევს. ამ ფონზე ყველა ის დაავადება წარმოჩინდება, რაც კი ადამიანს ოდესმე ჰქონია. იმუნური დეფიციტი შემდგომში ყველა დაავადების საწყისია. როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია ადვილია ადამიანის დასნებოვნება ვირუსებით და ინფექციებით.

 

მაგნიუმის და B 6 ვიტამინების დეფიციტი გამოიხატება სტრესში, კუნთოვან სპაზმებსა და დეპრესიულ განწყობაში. ამიტომ ამ ვიტამინებს პოსტკოვიდური შფოთვების დროსაც სვამენ.

 

ძილიანობა, სისუსტე, უენერგიობა – იმის მიმანიშნებელია, რომ ორგანიზმს არ აქვს ძალა, რომ გაუმკლავდეს დაავადებებს. ამ დროს დასვენება, სწორად კვების აღდგენა აუცილებელია.

 

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

 

ჯანსაღი ცხოვრების წესით, რასაც საქართველოში ვერ ვიცავთ.

 

იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტები

 

ფეხით სიარული ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით საღამოს საათებში. კარგი კვება, ჯანსაღი საკვებით და არა ფასთფუდით.

 

ინფექციონისტი თეონა ბუაჩიძეც, იმუნიტეტის გამაძლიერებლად, სწორ კვებას, ფეხით სიარულსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ასახელებს.

 

თეონა ბუაჩიძე: – იმუნიტეტს გაგიძლიერებთ ვარჯიში, ფეხით სიარული და სწორი კვება. სრულყოფილად უნდა მიიღოთ ყველა ტიპის პროდუქტი – ბოსტნეული, ხორცი, ხილი.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X