21:15 | 2021-11-30 ავტორი: Prime Time

როგორ გავუძლოთ განშორების ტკივილს? – თამარ ბოკერიას რჩევები

როგორ გავუძლოთ განშორების ტკივილს? – თამარ ბოკერიას რჩევები

თამარ ბოკერია პერსონალური ქოუჩი გახლავთ და ხშირად ატარებს საზოგადოებრივ გამოკითხვებს, სადაც ადამიანებს ამა თუ იმ თემის ან პრობლემის შესახებ აზრის გამოთქმას სთხოვს.

 

ამჯერად მისი გამოკითხვა განშორებას შეეხებოდა. როგორც თამარმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, მიუხედავად იმისა, რომ “გვშია, გვცივა, გვწყურია, ადამიანების ერთ-ერთი მთავარი სატკივარი რეალურად უსიყვარულობა, განშორებაა. დღეს გავაკეთე ცოცხალი კვლევა, თუ რას განიცდიდნენ ისინი განშორების შემდეგ და დღეს როგორ არიან, რა მისცა მათ განშორებამ.

 

შემიძლია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამონარიდი პასუხებიდან თქვენც გაგიზიაროთ (რა ტქმა უნდა, ანონიმურად), შსაძლოა, ვინმეს დაეხმაროს კიდეც.

ადამიანის ცხოვრებაში, ერთი და მთავარი – განშორება და მისგან გამოწვეული ტკივილია, რასაც აი, ამწუთასაც ბევრი ადამიანი განიცდის…. ხშირად განშორება მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანის წასვლა არ არის, მას უფრო მძიმე შედეგები აქვს, თითქოს ჩვენ თავად „მივდივართ“ საკუთარი თავისგან. ჩვენი „ნაშენები“ თვითშეფასება სადღაც ქრება და გვგონია, რომ ცხოვრება დასრულდა…

 

არ გვაქვს არაფრის კეთების ხალისი, ურთიერთობებიც კი აღარ გვსურს და შესაძლოა, მძიმე შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს „კარგამოკეტილობამ“…

 

რეალურად არავინ ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ის ადამიანი, რომელმაც ეს განიცადა, მაგრამ ერთ შემთხვევაში, თუ შენ გადაწყვიტე, რომ მოერევი და გადალახავ, შეძლებ!

 

გთავაზობთ რამდენიმე ცოცხალ მაგალითს, რომელთაც განშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა შესანიშნავად გრძნობენ თავს… იქნებ ეს ის არის, რისი მოსმენაც მოტივაციას მოგვცემს“.

 

ნინო, 33 წლის:

 

როდესაც დავშორდი, სულის ტკივილი, თუ იცით, რა არის?! მაშინ გავიგე, რომ სული მტკიოდა. სხეულიც მტკიოდა, საყრდენს ვერ ვპოულობდი საკუთარ თავში, ცარიელი ვიყავი ბოლომდე… შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი, სარკეში ჩამხედა. შემრცხვა იმ გოგოსი, ვინც სარკიდან შემომხედა… რა გაგიკეთე?! ეს იყო პირველი, რა აზრმაც გამიელვა და განცდა მქონდა სირცხვილის, საკუთარი თავის წინაშე, ასე რომ „დავჩაგრე“. მაშინვე პირობა მივეცი, რომ მეყვარებოდა იგი და ვიზრუნებდი მასზე პირველ რიგში.

 

ასე დავიწყე საკუთარი თავის სიყვარული თავიდან…. დღეს ყველა ის წარმატება, რასაც მივაღწიე, იმ პირობის დამსახურებაა, რაც საკუთარ თავს დავპირდი და ძალაც საკუთარ თავში ვიპოვე. ახლა ბედნიერი ვარ და მინდა, ასე არავინ მოექცეს საკუთარ თავს, არავის და არაფრის გამო….

 

ანი, 22 წლის:

 

როდესაც დავშორდი, არაადეკვატური ვიყავი. ხან ვტიროდი და ეს გრძნობა მეცოდებოდა, ხან ჩემი თავი და როგორი უცნაურიც  უნდა იყოს, ზოგჯერ ისიც მეცოდებოდა, გამართლებასაც კი ვუძებნიდი მის წასვლას, რეალურად კი ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა, მაგრამ მინდოდა, რაიმე მომეძებნა, რათა მიმეწერა, ურთიერთობა აღმედგინა. ასეც მოვიქეცი და კიდევ ერთხელ შევეჯახე რეალობას, რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე დასრულებული იყო. შემეშინდა, ვფიქრობდი, რომ კვლავ დამეწყებოდა დაუსრულებელი შფოთვები, ჩავიკეტებოდი, არარესურსული გავხდებოდი და ამ მდგომარეობის ისე შემეშინდა, ძიება და შესწავლა დავიწყე ზოგადად ურთიერთობების, საკუთარი თავისა და სურვილების. ემოციებისა და ფიქრების ნეგატიურიდან პოზიტიურ ჭრილში გადმოტანას ვცდილობდი.

 

არ მივატოვე საკუთარი თავი და ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო ჩემგან. ახლა, როგორც არასდროს, ისე მჯერა საკუთარი კეთილდღეობის, რადგან ამაზე ვმუშაობ ყოველდღე.

 

ნიკა, 29 წლის:

 

ისეთი რთული იყო, მრცხვენოდა საკუთარი თავის, ვერ ვიჯერებდი, რომ უარმყო…  თავიდან ალკოჰოლში ვნახე თითქოს ხსნა, ვითომ გართობაში, შემდეგ მივხვდი, რომ ეს დამალვა იყო რეალობისგან და საკუთარ თავისგან. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. უბრალოდ, დავკავდი, როგორც შემეძლო თუ არ შემეძლო, საქმით დავკავდი უფრო მეტად, დავიმატე ახალი საქმეც, რა დროსაც აღმოვაჩინე, რომ კვლავ ადამიანურად და თავიდან დავიწყე ცხოვრება… ახლა უკვე შესანიშნავი პირადი ურთიერთობა მაქვს, სადაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როგორი შეცდომა აღარ უნდა დავუშვა ურთიერთობაში და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანი თქვენს კანში ცხოვრობს, იგი თავად ხართ და არასოდეს მიატოვოთ საკუთარი თავი, სირთულეები გამოწვევებია და ყოველ გამოწვევას დახვდით ისე, რომ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ნერვებს და სიმშვიდეს.

 

 

ავტორი: Prime Time

X