
ყველაფერი უბრალო ჰიპერლინკით იწყება, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან. ხშირ შემთხვევაში, ბმული კორონავირუსისგან განკურნებას „ჰპირდება“ მომხმარებელს, სინამდვილეში კი ამ ბმულის უკან ჰაკერები დგანან, რომლებიც სულ უფრო დახვეწილი მეთოდებით ახერხებენ ადამიანების მანიპულაციას იმ შიშის ფონზე, რაც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ასეთი წერილების სწრაფ ზრდაზე ლაპარაკობენ, რომლებსაც დანაშაულებრივი ორგანიზაციები მილიონობით მისამართზე აგზავნიან. მათი მონაცემებით, დეზინფორმაციის ასეთი მასშტაბი „ფიშინგის“ კატეგორიაში, აქამდე არ მომხდარა.
კიბერდამნაშავეები წერილების ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და თურქულად აგზავნიან, როგორც ინდივიდუალურ მისამართებზე, ასევე კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე.

ჯერ კიდევ თებერვალში კომპანია Proofpoint-ის სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს უცნაურ წერილებს, რომლებსაც მათი კლიენტები იღებდნენ. ეს იდუმალი ექიმისგან გაგზავნილი წერილი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ აქვს კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელსაც თითქოს მალავს ჩინეთის და ბრიტანეთის ხელისუფლება.
ჰიპერლინკზე დაჭერის შემდეგ, ცნობისმოყვარე მომხმარებელი გადადის ონლაინ-დოკუმენტზე და შემდეგ Docusign-ის პოპულარულ ვებგვერდზე, მაგრამ ეს გვერდი გაყალბებულია და ორიგინალური Docusign-ის ასლს წარმოადგენს. მომხმარებელი ამ გვერდზე გადასვლის შემდეგ, გზას უხსნის ჰაკერებს, რომ ისინი მის კომპიუტერში „შეძვრნენ“ და პირადი ინფორმაცია მოიპარონ.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Digital Shadows-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი კიბერდამნაშავეების ფორუმებზე მთავარ თემად იქცა. Digital Shadows-ის ცნობით, არიან ჰაკერები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სახელითაც მოქმედებენ.

კომპანია კასპერსკის ექსპერტების ცნობით, ამ ეტაპისთვის 3000-მდე მავნე პროგრამა აღმოაჩინეს, რომელშიც ნახსენებია სიტყვა „კორონავირუსი“.






















