
თბილისში უსახლკარო პირებისა და ოჯახებისთვის თავშესაფრითა, ან საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა თბილისის მერიაში მოქმედებს.
როგორ უნდა მიიღონ უსახლკარო ადამიანებმა უფასო საცხოვრისით ცხოვრების უფლება და რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა – ამ კითხვებზე პასუხს “პრაიმტაიმის” მიერ მომზადებული სტატიიდან მიიღებთ.
რა არის პროექტის არსი?
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების/ოჯახების რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები?
ქ. თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო პირები/ოჯახები.
რას მოიცავს პროექტი?
დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს/ოჯახს მიენიჭება უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსი.
სტატუსის მინიჭების შემდეგ, მოხდება პირის/ოჯახის შეფასება ქულათა შესაბამისი სისტემით. ქულების მიხედვით განისაზღვრება თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობა.
როგორ უნდა მიიღოს პირმა/ოჯახმა ბენეფიტი?
პირმა/ოჯახმა თავშესაფრის/საცხოვრისის მიღების მიზნით, უსახლკარო პირად/უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს (უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას).
განაცხადს თან უნდა ერთოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.
მერიის კომენტარი: უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაცია არ წარმოშობს უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებული პირის/ოჯახად თავშესაფრით/საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას.
უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრირებული პირი/ოჯახი თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რესურსების შესაბამისად.






















