19:00 | 2021-10-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“როგორ მოახერხე, რომ გაპატიე იქ უჩემობა. იქით გიხდი მადლობას, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი” – ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის გახდებოდა

“როგორ მოახერხე, რომ გაპატიე იქ უჩემობა. იქით გიხდი მადლობას, რომ ჩემს ცხოვრებაში იყავი” – ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის გახდებოდა

16 ოქტომბერს პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის გახდებოდა. პოეტის ცოლმა, ნინა ამირეჯიბმა, ზურას სახელობის პრემია და ღვინო – “შენ ხარ ვენახი” კულტურის სამინისტროსთან ერთად დააარსა და სტუმრებს სიახლით ორთაჭალაში, ყოფილ მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში (სადაც ახლა სახელოვნებო სივრცეა) უმასპინძლა.

 

“შენი დაბადების დღეც დადგა! გონებას ისევ სხვაგან მივყავარ… ახლა იქ, როცა მწერალთა სახლის კარი შევაღე და შენს პერფორმანსზე ამოვყავი თავი. იქ სადაც იდექი მედიდური, პოეზიის ღმერთივით დიდებული და მომნუსხველი. ჩემკენ მომართული ჯადოქრული მზერით, რომლისგანაც ვიცოდი რომ უკვე ვეღარასდროს დავაღწევდი თავს. თითქოს ჩემთვის მომაკვდინებელი პერფორმანსისთვის მომამზადე, მომაკვდინებელი სიყვარულით და მერე რაღაცნაირად წარმოუდგენელი ძალით თავიდან დამბადე!

 

სრულიად წარმოუდგენელი რამ გადამატანინე, შენს გარეშე ცხოვრება მასწავლე, ისე თითქოს არც არსად წასულხარ. მართლა როგორ გავძელი უშენოდ, როგორ შეძელი ეს! როგორ მოახერხე, რომ გაპატიე იქ უჩემობა! გილოცავ! და იქით გიხდი მადლობას, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში და მხოლოდ შენ რომ შეგეძლო, ისეთი სიყვარული მასწავლე.

 

 

დიდხანს ვფიქრობდი, რა გემო აქვს სიყვარულს, როცა პოეზიის დიქტატორი გიყვარს და საბოლოოდ შედგა ეს ამბავიც! საწნახელში გამომწყვედული ყურძნის ღმერთი გადაიქცა სისხლივით მძიმე საფერავად, შეერწყა თაფლს, პიტნას, ქართულ უნიკალურ ეთერზეთებს, გადაიქცა ზურაბ რთველიაშვილის გემოდ და დაერქვა “მე ვარ ვენახი!”

 

ზვრები გაცურე, თავზე გვირგვინი დაიდგი და ახლა სხვაგან აფეთქებ სტროფებს! ახლა იქ ისვრი ნაღმებს ხელაღმა და არც იქ სცდება მიზანს ცეცხლოვანი შენი სიტყვები!

 

გილოცავ! 16 ისევ შენი დაბადების დღეა და როგორც ცოცხალს, გჩუქნი ამ გემოს, შენს გემოს, როგორც ჩვენი სიყვარულის ყველაზე მაგიურ ელექსირს! “შენ ხარ ვენახი!” ხარ და იქნები!” – წერს ნინა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში.

 

ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემია პირველად გაიცა და ის მხატვარ მამუკა თეთვაძეს გადაეცა. პრემია კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა.

 

შეგახსენებთ, პოეტი 2021 წლის გაზაფხულზე, მოულოდნელად, მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა…

ავტორი: თამარ გონგაძე

X