11:15 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

„როგორ სჩადის ზოგი ღმერთის სახელით ავაზაკობას“ – ვისზე წერს გიორგი კეკელიძე

„როგორ სჩადის ზოგი ღმერთის სახელით ავაზაკობას“ – ვისზე წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

 

 

კეკელიძის თქმით, ადამიანი რწმენის გამო დასაცინი არ არის.

 

 

“არასდროს გამცინებია, არც გავბრაზებულვარ იმაზე თუ როგორ იწერს ქრისტიანი ტაძრის წინ პირჯვარს ან მუსლიმი რომ იხრება მინარეთიდან მოძახილზე ან ინდუისტი როცა ცეკვავს აშრამის წინ. არ გამცინებია, რადგან ზუსტად ვიცი, როგორ სჭირდება ამ უსაფუძვლო სამყაროში ადამიანს საყრდენი. ბებიაჩემი ტაძრის დანახვაზე ქუჩაში იჩოქებდა და ხუთი წუთი ლოცულობდა, თუმცა ის იყო და არის კიდეც ჩემთვის ყველაზე არასასაცილო ადამიანი.

 

არ გამცინებია, მაგრამ გავბრაზებულვარ იმაზე, თუ როგორ სჩადის ზოგი ღმერთის სახელით ავაზაკობას. გავბრაზებულვარ იმაზე, რომ ხან ჩემი ხალხი და მისი დიდი ლიტერატურა ზურგშექცევით დგანან – ალუდა ქეთელაური წიგნში მოგვწონს, რომ გამოჩნდეს (ძნელად იძებნება) – მალევე ჩავქოლავთ, ციციკორეს წიგნში ან ფილმის ცქერისას ვაძაგებთ, აქ და ახლა კი (იოლად იძებნებიან) მალევე მივემხრობით. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ძალიან სხვადასხვა. ვერავის ვერაფერს დაუშლი, ვერც დაცინვას და ვერც ქილიკს, მაგრამ მეც მაქვს ჩემი მოკრძალებული აზრი და ასე მგონია, რომ რწმენის რიტუალურობა მედიტაციის მიმართულებით, განუსაზღვრელი მოცემულობაა – ზოგს მცირეზე მცირე მარცვალზე შეუძლია ილოცოს, ზოგს ასობით ხატი ჰქონდეს (ლაშასავით) – ვისაც როგორც სურს და სჯერა – ისე.

 

პ.ს. ლაშა ტალახაძეს და ქართველ ოლიმპიელებს კი წარმატებები. ბარემ აქვე გეტყვით, რომ განსაკუთრებით ნინო სალუქვაძეს ვგულშემატკივრობ. ჩემთვის ოლიმპიადა და ნინო საერთოდაც ერთი და იგივეა – ოთხი წლის ვიყავი, როცა პირველად იასპარეზა და აგერ 37 წლისა მოვიყარე – მე რომ სპორტსმენი ვიყო, უკვე ვეტერანი ვიქნებოდი”,- წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

 

 

ცნობისთვის, გუშინ, ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, სოციალურ ქსელში, ძალოსან ლაშა ტალახაძის ოთახის სურათი გავრცელდა, სადაც სპორტსმენის ხატები ჩანს. არსებული სურათის გამო ოლიმპიური ჩემპიონი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა.

 

ავტორი: Prime Time

X