21:16 | 2021-05-31 ავტორი: მარი ჯაფარიძე

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა და ციხეში აივ-ინფიცირებული გახდა – „ახლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ“

როგორ  ცხოვრობს ქალი, რომელმაც ქმარი მოკლა და ციხეში აივ-ინფიცირებული გახდა – „ახლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ“

თამუნა გახოკიძე 21 წლის იყო, გისოსებს მიღმა განზრახ მკვლელობის უმძიმესი ბრალდებით რომ აღმოჩნდა. ამტკიცებდა, რომ მოძალადე ქმრისგან თავს იცავდა, მაგრამ მოსამართლემ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ექვსი წელი მიუსაჯა. მაშინ პირველი ქმრისგან ერთი შვლი ჰყავდა. იმის შემდეგ უამრავი რამ გამოიარა თამუნამ და მის თავზე „წისქვილის ქვაც“ კი დატრიალდა, ბევრი ხელს ჩაიქნევდა, მაგრამ მას ეყო ძალა და თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

 

16 წლისა მოიტაცეს, მალევე დაფეხმძიმდა და ვაჟი გააჩინა. ცოტა ხანში ქმარს გაშორდა. მერე მეორედ გათხოვდა. მასთან ორი წელი იცხოვრა.

 

თამუნა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მეორე ქმარი სისტემატურად სცემდა და ის ნარკომომხმარებელიც აღმოჩნდა.

 

2004 წლის 18 ნოემბერს ქმართან უმნიშვნელო თემაზე შეკამათება მოუვიდა, რის გამოც მამაკაცმა ქუჩაში სცემა. თამუნა გაექცა და სახლამდე მიირბინა. როცა ეზოში შესულს ქმარი წამოეწია, ყელში სწვდა და ახრჩობდა. თავი დაიძვრინა, თან ყვიროდა და შველას ითხოვდა. ყვირილზე სახლოდან 75 წლის  ბაბუა გამოვიდა, რომელსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცი და ისევ ცოლისკენ გაიწია.

 

– წაქცეულმა ვთხოვე, აღარ დამარტყა-მეთქი. – ადგილზე დაგაკლავო, შემაგინა და ისევ გამოიწია საცემრად. ამ დროს დავინახე, მანქანასთან არმატურის მსგავსი რკინა ეგდო. არ მახსოვს, როგორ ჩავარტყი, მხოლოდ ის მახსოვს, დავინახე, როგორ იყო მის სხეულში ჩარჭობილი. ერთი გავიფიქრე, ახლა თუ ამას არ ამოვაძრობ, თვითონ ამოიძრობს და ჩამარტყამს-მეთქი. ამოვაცალე და იქვე მივაგდე, – გვიყვება თამუნა.

 

– რამდენიმე წუთი იცოცხლა. გონება არ დაუკარგავს. რომ მივედი, მხოლოდ ეს მითხრა: „ეს შენ ქენი?“ ვეხვეწებოდი, არ მოკვდე, ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს-მეთქი. ჩემს ხელში დალია სული. გულზე ყური დავადე, იქნებ სუნთქავს-მეთქი, მაგრამ… მერე ძალიან დიდხანს თვალწინ მედგა მისი ბოლო წუთები – როგორ გადმოსდიოდა სისხლი პირიდან…
სანამ პატრული წამიყვანდა, სისხ­ლიანი ხელები და სახე მეზობელმა დამბანა. ტანსაცმელი გამომაცვლევინეს და რაც მეცვა, ექსპერტიზაზე წაიღეს. დილით „კაპეზეში“ რომ გავიღვიძე და ჩემს ხელებს დავხედე, მისი სისხლი მქონდა შერჩენილი. ძალიან მძიმე წუთები იყო, რასაც ცრემლის გარეშე დღემდე ვერ ვიხსენებ.

 

ექვსი წელი მომისაჯეს. შემდეგ ციხეში ტელეფონი აღმომიჩინეს და წელიწად-ნახევარი დამიმატეს; ამას დაემატა კიდევ ერთი სასჯელი – ე.წ „ციხის ბუნტში“ დამადანაშაულეს, თუმცა მერე ის წლები მომაკლდა. რვა წელი ვიყავი, რომ გამოვედი, სამი თვე პირობითი გამომყვა.

 

ჩემთან ხშირად შემოდიოდა ფსიქოლოგი, მანანა სოლოღაშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა ტკივილთან გამკლავებაში. ჩემს დროს ამდენი ყურადღება არ ექცეოდა ქალთა მიმართ ძალადობას, თორემ ჩემი საქმე ადასტურებდა, რომ მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ამის მიუხედავად, არ მქონდა უფლება, ადამიანისთვის სიცოცხლე წამერთმია.

 

 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. სულ ვფიქრობდი, ყველამ იცის, რომ მკვლელი ვარ და ციხიდან გამოვედი-მეთქი. იმ დღესვე მინდოდა ჩემი ქმრის საფლავზე მისვლა, მაგრამ ვიცოდი, ჩემები არ გამიშვებდნენ. მეორე დილით ჩავიცვი და გავიპარე. იქ დიდხანს დავრჩი… ძალიან მძიმე იყო… მთელი ცხოვრება დარჩება ჩემს ტკივილად… მერე ცხოვრება თავიდან დავიწყე.

 

დღეს ოთხი შვილი მყავს.­ უფროსი შვილი სამი წლის იყო, რომ დამაპატიმრეს. ციხეში აივ-ინფექციით დავავადდი. ერთხელ კბილის ექითან მივედი. ჩემამდე სხვა პატიმარი ჰყავდა, ის რომ ადგა, მე დავჯექი და როგორც ჩანს, ექიმს რაღაც შეეშალა და დავინფიცირდი. 2008 წელს დამიდგინდა და ამას ძალიან განვიცდიდი. დღეს უკვე ვხვდები, რომ ეს არ არის უსაშველო პრობლემა. ორივე შვილი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ახლა ვირუსი ნული მაქვს და მაქვს იმუნიტეტიც. ორი შვილი უკვე ინფიცირებულმა, უქმროდ გავაჩინე. მინდოდა შვილები და არავის აზრი არ მაინტერესებდა. შემდეგ გავთხოვდი და მეოთხე შვილიც მყავს, ისიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

 

ციხიდან გამოსულმა დავიწყე სამსახურის ძებნა, მაგრამ რომ იგებდნენ, აივ-ინფიცირებული ვიყავი, ყველგან კარს მიხურავდნენ. არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე მექნებოდა სამსახური და შევძლებდი ჩემი შვილების რჩენას. ისევ მანანა სოლოღაშვილი დამეხმარა. ამჟამად მასთან ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ვარ სოცმუშაკი და ვეხმარები ბენეფიციარებს.

 

ორი ოცნება მქონდა, ბავშვოდიბან: ძალიან მინდოდა, დიდი, გაშლილი, თეთრი კაბა მცმოდა, პრინცესებს რომ აცვიათ, ისეთი და მინდოდა, 4 შვილი მყოლოდა – 2 ვაჟი და 2 გოგონა. მართალია, პირველი ოცნება ვერ ავისრულე, მაგრამ მეორე ოცნება ნამდვილად ამიხდა.

 

ახლა ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, მყავს ქმარი, 4 ჯანმრთელი შვილი, მაქვს სამსახური და თავადაც ვარ ჯანმრთელი.

 

პ.ს. როდესაც თამუნას ვკითხე, იცოდა თუ არა მისმა ქმარმა, რა დანაშაულისთის იხდიდა ის სასჯელს, გაეცინა: რა თქმა უნდა იცოდა და ისიც საკითხავია, მე უფრო გავრისკე, მას რომ ცოლად გავყევი თუ მან – რომ ცოლად მომიყვანა, რადგან ისიც ნასამართლევია და ისიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X