09:49 | 2021-11-30 ავტორი: Prime Time

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს?

დღის ბოლოს ფეხების შეშუპების, სიმძიმისა  და წვის შეგრძნება თუ გაწუხებთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რადგან ეს ვარიკოზის დამახასიათებელი პირველი ნიშნებია. ეს არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ვენური კედლების დათხელებით, სარქველების ფუნქციის მოშლით და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბებით. მისი წარმოქმნის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მათ შორის არის:  მემკვიდრეობა, პროფესიული საქმიანობა, დატვირთვა, ტრავმები, მეორე და ყოველი შემდგომი ორსულობა. ეს დაავადება ასევე  ჩნდება ასაკთან და ჭარბ წონასთან ერთად. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებულია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია. ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული პერიოდი არ არსებობს,  ეს პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტის დიაგნოზზე და იმაზე, თუ რომელ სტადიაში მოხდა პრობლემის  გამოვლენა.

 

ვარიკოზის მკურნალობის გზები

როგორც აღვნიშნეთ, ვარიკოზის მკურნალობის სამი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არსებობს. პირველ ეტაპზე ეს – მედიკამენტოზური მკურნალობაა, რომელიც ძირითადად დისკომფორტის, ტკივილებისა და წვის შეგრძნების შემცირებაზეა ორიენტირებული.  ქირურგიული მკურნალობა კი   შორს წასული ვარიკოზული დაავადების დროს არის აპრობირებული. მისი მიზანია, ტროფიკული წყლულის პროგრესირების პრევენცია. კომპრესიული თერაპია კი, რომლიც სპეციალური სამედიცინო ტრიკოტაჟის გამოყენებას გულისხმობს, ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას და  ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას. ეს სამედიცინო საშუალებები ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

 

როგორ შეიძლება ვარიკოზის პრევენცია?

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და  სწორი კვება – მრავალი დაავადების პრევენციას ახდენს და,რა თქმა უნდა, ეს მიდგომა ვენების ვარიკოზული დაავადების პრევენციისთვისაც მართებულია. ვარჯიში, დიდი რაოდენობით წყლის მიღება და ფეხით სიარული ხელს უშლის ამ დაავადების განვითარებას. გარდა ამისა, დაწოლილ მდგომარეობაში, გულის დონეზე მაღლა ფეხების აწევა და დასვენება,ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისაგან თავის არიდება ვარიკოზის არსებობის შემთხვევაში მდგომარეობის შეგიმსუბუქებაში დაგეხმარებათ.

 

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X