
ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია.
როგორც კლინიკის ექიმი ლევან ბესელია აცხადებს, პაციენტს მრავლობითი დამწვრობა აქვს , ამასთანავე აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.
„პაციენტს აქვს დამწვრობა სახისა და გულმკერდის არეში, კიდურების არეში. ჭრილობა აქვს ხელზე, მკლავზე, ყელზე და სახის არეში. აღენიშნება ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.
მას სტანდარტული კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ფილარმონიასთან მდებარე კლუბ „დეჟავუში“ გუშინ აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.






















