21:45 | 2021-12-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როგორია „ომიკრონის“ პროცენტული მაჩვენებელი ქვეყანაში – სპეციალისტების პროგნოზი და ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორია „ომიკრონის“ პროცენტული მაჩვენებელი ქვეყანაში – სპეციალისტების პროგნოზი და ეპიდვითარება ქვეყანაში

წლის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირების ფაქტები ბავშვებში განსაკუთრებით გაიზარდა. მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში 50-ზე მეტი არასრულწლოვანია მოთავსებული. 16 ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან უკიდურესად მძიმეა ორი ჩვილი, რომლებიც 3 კვირაა მართვით სუნთქვაზე არიან.

 

გარდა ამისა, „ომიკრონის“ ახალი ფაქტები ყოველდღიურად იზრდება – 12 ახალი და სულ 63 შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინასწარი გათვლებით, საერთო დადებითი პსრ ტესტების უკვე 1% ახალი შტამია. კვლევითი ცენტრი კონტროლის მექანიზმს აძლიერებს.

 

საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული. დაბალი იმუნიზაციის ფონზე სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება, თუ რა თვისებები შეიძლება გამოავლინოს „ომიკრონმა.“ სპეციალისტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი, სადაც მოსახლეობის 70% ვაქცინირებულია, საქართველოს ვერ გამოადგება.

 

ქვეყანამ პრევენციის მიზნით ეფექტური მექანიზმის ამოქმედება კიდევ უფრო გააქტიურა, თუმცა ახლა მოსახლეობის აქტიურობაც მნიშვნელოვანია.

 

ფაიზერითა“ და „ასტაზენეკათი“ ვაქცინირებულებს სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ. იმუნიზაციის ტექნიკურმა საბჭომ გადაწვეტილება გასულ კვირას მიიღო და დღეს ამცრელ ცენტრებს შესაბამისი ბრძანება გადაეგზავნათ.

 

ქვეყანაში 65 ათასამდე ბუსტერია გაკეთებული. დაახლოებით 1 200 მე-4 დოზა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც უცხოეთში გამგზავრების მიზნით ვაქცინის სტატუსის შეცვლა დასჭირდა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X