
როგორც ექიმი მივიჩნევ, ძველი სტილით ზიარება და სააღდგომო ლიტურგია შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძე „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს მისთვის სენსიტიური თემაა.
„დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე, როგორც ექიმი, მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები იქნება ეს ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით, თუ მაგალითად, იქნება ეს ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ვფიქრობ, რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი განცხადებით ეკლესიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანციის დაცვაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















