
ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საპატიმროდან რამდენიმე ხნის წინ გაათავისუფლეს, ახლა საბურთალოს მაჟორიტარებისთვის იბრძვის.
„ჩვენ ხელისუფლებას, კარგი გაგებით, შეცდომა დავაშვებინეთ და მან გაისროლა“ – ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ოქრუაშვილის ეს განცხადება ექსპერტების ნაწილმა 20 ივნისის ცნობილ მოვლენებზე მის აღიარებად შეაფასა.
ოქრუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მინისტრი იყო.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის სახელს არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება, დაწყებული ტელედამაპტიმრებებით, გაგრძელებული კერძო მეწარმეებზე ზეწოლით და დამთავრებული 2004 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენებით.
მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი ოპოზიციაში წავიდა, სააკაშვილის გუნდმა ის დააპატიმრა და მალე ქვეყნიდან ისე გაუშვეს, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა ხელისუფლების შეცვლამდე არ მისცემია.
2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ოქრუაშვილს რუსეთთან გარიგებაში და საქართველოში სისხლიანი გადატრიალების მცდელობაშიც სდებდა ბრალს.
ოქრუაშვილი დღეს უკვე კვლავ სააკაშვილის პოლიტიკური პარტნიორია – შერიგდნენ და ერთობლივი ძალებით ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებენ.
ირაკლი ოქრუაშვილი ოჯახზე არც თავად ლაპარაკობდა და მედიაშიც ნაკლებად ჩნდებოდა ინფორმაცია.
მისი მეუღლე, ირინა გორდელაძე იურისტია. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ორივე „თელასში“ მუშაობდა.
როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ირინა გორდელაძემ განაცხადა, ოქრუაშვილმა მისი რესტორანში დაპატიჟება პირველივე ნახვის შემდეგ გადაწყვიტა და მათი სიყვარულის ისტორია მალე ოჯახის შექმნით დასრულდა.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. რომელთა აღზდაშიც მთლიანად ირინა გორდელაძეა ჩართული.
„ირაკლი „თელასში” გავიცანი, ხუთი თვის თავზე დავქორწინდით. ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით, მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ერთი თვის შემდეგ ამერიკაში წავედი და რომ არა ირაკლი, ჯერჯერობით საქართველოში არც დავბრუნდებოდი.
პატარ-პატარა გატაცებები იყო, მაგრამ ირაკლის გარდა სერიოზულად არავისზე მიფიქრია.
ძალიან რთული იყო 5 თვეში ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ერთია, როგორც მე ვიტყოდი, ისე იქნებოდა, ასეც მოხდა.
ოჯახში ერთადერთი რაც მითხრეს – კარგად დაფიქრდიო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში მარტო არ ვიყო. როცა დავვახლოვდით, ვიგრძენი, რომ მე ჩემი ნახევარი ვიპოვე“ – იხსენებს გორდელაძე.
ირინა გორდელაძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას.
იურისტის პროფესია დედის რჩევით აირჩია და მაგისტრის ხარისხიც აქვს.
მას ასევე დამთავრებული აქვს ფლორიდის უნივერსიტეტიც.























