
საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-მდე საკარანტინო სივრცეა.
იზოლირებული 4978 ადამიანიდან უმეტესობა საზღვარგარეთიდან შემოსული მგზავრები არიან.
ისინი საკარანტინო სივრცეებში პირდაპირ აეროპორტიდან მოხვდნენ.
JAMnews-ი ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, ვინც ახლა საკარანტინო სივრცეში ორკვირიან იზოლაციაშია.
გთავაზობთ რანდენიმე ამბავს კარანტინიდან:
დეა, 21 წლის, სტუდენტი:

„უკვე ოთხი წელია მადრიდში ვსწავლობ და ვმუშაობ. ძალიან კარგად ვარ იქ.
არ მინდოდა აქ ჩამოსვლა, არ ვიცოდი, უკან როდის შევძლებდი დაბრუნებას, მაგრამ ყველა ქართველი სტუდენტი სახლში ბრუნდებოდა და მეც წამოვედი.
ჯერ არ იყო ისეთი მძიმე სიტუაცია, როგორიც ახლაა.
ისიც კი არ ვიცოდით, რომ ჩამოსვლისთანავე კარანტინში მოვხვდებოდით. აეროპორტში გავიგეთ ამის შესახებ. ძალიან სტრესული იყო.
დავიბენი, სახლში მინდოდა, ჩემებთან. დიდი ხანი წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად მივდიოდით. რამდენიმე რეისის მგზავრები ერთად მოგვაგროვეს და თბილისშივე, სასტუმრო Towers – ში აღმოვჩნდით.
კიდევ კარგი, დღეში ცხრა საათს ვმუშაობდი ონლაინ, მადრიდის დროით, რაც ნიშნავს რომ უმეტესი დრო დაკავებული ვიყავი და დრო ჩქარა გადიოდა. ვვარჯიშობდი. სახლი მენატრებოდა.
ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ცოტა გამიჭირდა კარანტინის საკვებთან შეგუება. საბედნიეროდ, ამანათის მიღება დაშვებულია და სახლიდან მიგზავნიდნენ ჩემთვის შესაფერის საჭმელს.
კარის გაღებაზეც კი სიგნალიზაცია ირთვებოდა. მხოლოდ აივანზე შეგვეძლო გასვლა.
ხუთი დღე ვიყავი იქ. შემდეგ თვითიზოლაციაზე გადასვლის განცხადება შევავსე. შეამოწმეს, რომ ნამდვილად მქონდა ცალკე, იზოლირებული ბინა და ამის შემდეგ დამიკმაყოფილეს მოთხოვნა.
ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ზრუნავდა ჩვენზე, გვეხმარებოდა, ყურადღებას გვაქცევდა. მაგრამ მაინც, ერთი სული მქონდა სახლში დავბრუნებულიყავი და მიხარია, რომ ახლა სახლში ვარ.
ძალიან უცნაური შეგრძნებაა – საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის თბილ ემოციებთანაა დაკავშირებული, ყველას ვენატრები, ყველა მეხუტება, აქეთ-იქით დავდივარ მეგობრებთან ერთად. ახლა კი მარტო, სრულიად მარტო აღმოვჩნდი.“
მაკა, 39 წლის,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი:

„გამიმართლა. ბათუმში ვარ, კარგი სასტუმროა. დიდი ნომერი მაქვს, ზღვის, პორტის და სანაპიროს ხედით. სიცხეს დღეში ორჯერ ვიზომავ. საკვები კართან მხვდება და ნაგვის პარკებიც, რომლებსაც შემდეგ მეც კართან ვტოვებ გავსებულს. კარგი კვებაა. შემიძლია მარკეტიდანაც შევუკვეთო რამე და შემდეგ ბარათით გადავიხადო.
თუმცა, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, არადა ძალიან მინდა ღვინო.
უკვე დიდი ხანია ბერლინში ვცხოვრობ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ სახლში ვბრუნდები. ამოვწურე იქაურობა. ვიცოდი, რომ ვბრუნდები, ამიტომ კარანტინით, თუ უკარანტინოდ, საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ფრენის წინა დღეს აღმოვაჩინე, რომ რეისი არა თბილისში, არამედ ბათუმში ჩადის.
თვითმფრინავი სავსე იყო ხალხით. სხვადასხვა რეისის მგზავრები ერთად ვისხედით. ადამიანები ფეხზე დადგომასაც კი ითხოვდნენ თვითმფრინავში.
ბათუმის აეროპორტში ავტობუსი დაგვხვდა. ყველაფერი ძალიან ორგანიზებული იყო. ბერლინს ვერც კი შევადარებ. მგონია, რომ იქ უფრო ინფანტილური დამოკიდებულება იყო ამ ყველაფრის მიმართ. აქ ყველა სერიოზულად ვუდგებოდით სიტუაციას. ავტობუსშიც კი დისტანციის დაცვით ვისხედით.
საერთოდ, გაწონასწორებული ადამიანი ვარ, ამიტომ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ.
იოგას ვვარჯიშობ და ზღვის ხედს ვუყურებ. ვცდილობ, მშვიდად ვიყო.
მეხუთე დღეა, რაც აქ ვარ.
ძველი ფილმების ყურებით და კითხვით გამაქვს თავი. ღამით მიტევს ხოლმე ცუდი ფიქრები: სად ვარ, რატომ ვარ აქ, რა ხდება? მაგრამ მალევე ვივიწყებ.
ვიცი, რომ არ უნდა ავყვე ამ ფიქრებს. პატარ-პატარა, უაზრო სიამოვნებები მენატრება: ქუჩაში გასეირნება, დისშვილთან ჩახუტება, ბუნებაში ყოფნა, ბარში ღვინის დალევა.
პროდუქტიულიც არ ვარ. ფანჯრიდან ზღვას ვუყურებ. მაინც ძალიან გამიმართლა.
კიდევ ცხრა დღე მაქვს წინ. დღიურს ვწერ, ორს. ერთს ყოველდღე, მეორეს რამდენიმე დღეში ერთხელ. კარგი ადამიანებით ვარ გარშემორტყმული. ყველას მადლიერი ვარ. არაჩვეულებრივ პირობებში ზღვის ხედით ვტკბები, თუმცა ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რას გრძნობენ ციხეში ადამიანები“.
ზურა, 28 წლის
რეჟისორი:

„საჭმელს შეფუთულს გვიტოვებენ პოლიეთილენის პარკში.
ამ პარკს, ჩემი დაკვირვებით, ორი შემფუთველი ჰყავს – ერთი მარტივი, მსუბუქი კვანძით კრავს პარკს, მეორე კი უფრო რთულად. უკვე შემიძლია გამოვიცნო, დღეს რომელმა შეკრა ჩემი საჭმლის პოლიეთილენის პარკი.
5 მარტს გავფრინდი სტამბოლში, დღეს 29 მარტია და კიდევ არ მივსულვარ სახლში.
კარგად მაჭმევენ. ოთახს ვერ ვტოვებ, მაგრამ აივანი მაქვს და კარგი ჰაერი. ოთახი სულ 18 კვადრატული მეტრია.
თავიდან მარტივი იყო, საინტერესოც კი. საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ჩემს ფიქრებთან.
თან მსიამოვნებდა, რომ იზოლირებული ვიყავი და არავის არაფერს გადავდებდი. მერე გამიჭირდა ნელ-ნელა.
ხანდახან რთულია ხოლმე გააზრება: სად ვარ? რას ვაკეთებ?
მამაჩემი მირეკავს, ნერვიულობს. აღმოჩნდა, რომ ჰგონია, რადგან აქ ვარ, კორონავირუსი დამიდასტურდა. ფიქრობს, რომ ყველა, ვინც კარანტინშია, კორონავირუსის მატარებელია.
ამის გააზრება უსიამოვნოა. პანიკური ზარებით მირეკავენ. სიცხე ისევ მაქვს. ყოველ საღამოს. 37 გრადუსი და ცოტა მეტი.
შფოთვა მეწყება ხოლმე. ეს გაურკვევლობა მაბნევს. თავიდან ვერთობოდი ამ მდგომარეობით, ახლა მიჭირს.
ფილმში მგონია თავი. აივანზე ვდგავარ და ვეწევი. მენატრება ცხელი საჭმელი, სხვანაირად გემრიელი, აი ისეთი, პარკში რომ არ დევს.
მენატრება გასერინება, ლუდის დალევა მეგობრებთან ერთად.
მაგრამ ეხლა მთავარია ჯანმრთელი ვიყო. ეს გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს. მინდა, რომ არავისთვის არ წარმოვადგენდე საფრთხეს.
მალე მინდა მორჩეს ეს ფილმი, რომელში ცხოვრებაც სულაც არ არის სასიამოვნო.
ეზოში სულ დგას მანქანა, რომელიც გვიცავს და აკონტროლებს, რომ არავინ გაიქცეს. იმ დღეს, ვიღაცეებმა გვიმღერეს ეზოდან. არ ვიცი ვინ არიან, ვის უმღერეს, მაგრამ კარგი იყო“.
დეა, 33 წლის
სილამაზის სალონის მენეჯერი:

„საგიჟეთი იყო. დაღლილი ხალხი პირბადეებით, ნიღბებით, პატარა ბავშვებით.
მეც სქელი, უზარმაზარი ნიღაბი მეკეთა (სახლში ვიპოვე), რომელსაც ღორის დინგი შევარქვი. საშინლად დამღლელი და შემაწუხებელი იყო მგზავრობა. ტუჩები სულ დამსკდარი მქონდა რომ ჩამოვფრინდი. თუმცა, რა დროს ამაზე წუწუნია.
ძალიან დიდი სტრესი იყო. თითქოს არაფერი, მაგრამ აეროპორტში რომ შემოვედი და ყველა შეფუთული და აღჭურვილი დამხვდა, მეგონა სიკვდილი მოდიოდა ჩემსკენ ცელით. შეგვამოწმეს და რამდენიმეს შიშის სიცხე ჰქონდა, 37 გრადუსი.
მე ველოდი, რომ კარავში გაგვამწესებდნენ, ნებისმიერ პირობებზე ვიყავი თანახმა, მაგრამ სასტუმრო “კაჭრეთის ამბასადორში” მოვხვდი, არაჩვეულებრივ პირობებში.
ძალიან სასაცილო იყო. თავიდან ალერგიასა და ქრონიკულ დაავადებებზე გამოგვკითხეს. მე უცებ გამახსენდა, რომ კუჭის წყლული მაქვს სამჯერ გახეთქილი და ვუთხარი. ამის შემდეგ საჭმელი ასეთი წარწერით მომიტანეს: „საკვები პრობლემური კუჭისთვის“.
თავიდან ვერ მივხვდი რა ეწერა, აღარც მახსოვდა ჩემი კუჭის წყლულის ამბავი. შემდეგ, როცა მივხვდი, რომ სპეციალურად ჩემთვის იზრუნეს, ისე ღრმად გამოვაღე კარი მადლობის სათქმელად, რომ მივხვდი, ზედმეტი მომივიდა.
ახლა ისევ მათი უსართხოებისთვის, კარის გაღების გარეშე ველაპარაკები. კი მეუხერხულება, მაგრამ ახლა ასეა საჭირო.
საშინლად მსტრესავს, რომ ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოვადგენ. მეხუთე დღეა აქ ვარ“.
უილიამ , 59 წლის
გემის კაპიტანი:

„სამშობლოში, შოტლანდიაში ვიყავი გემით ზღვაში გასული. ხმელეთზე რომ დავბრუნდი, ჩემს შვილთან, ცოლმა დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ სიტუაცია რთულდებოდა და მალე დავბრუნებულიყავი.
ექვსი წელია თბილისში ვცხოვრობ ცოლთან ერთად. ცოლი ქართველია. სამშობლოში ხშირად დავდივარ და ზღვაში გავდივარ თევზსაჭერი გემით.
თბილისში რომ ბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ კარანტინი მომიწევდა, ცოლმა გამაფრთხილა. შემზადებული ვიყავი და პრობლემა არ მქონია, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ კარანტინი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აღმოჩნდებოდა ლოპოტას ტბაზე.
ქართულ მრავალფეროვან სუფრას უკვე კარგად ვიცნობ, მაგრამ აქაც ისეთი რაოდენობის საჭმელი მოაქვთ, ვითხოვე ცოტა შეემცირებინათ.
ქართული ცუდად ვიცი, თუმცა ვცდილობ მაინც ვილაპარაკო. აქ კი ყველა პირიქით, ცდილობს ჩემს ენაზე მელაპარაკოს. „გუდ მორნინგ, სერ!“ – ასე მომესალმა ინგლისურად ერთ-ერთ დილას პოლიციის თანამშრომელი.
ბლოგი მაქვს, სადაც ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის შესახებ ჩემს მეგობრებს ვუყვები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სად არის, ან როგორია საქართველო. აქედანაც ჩემი ბლოგისთვის ვმუშაობ და ჩემს ყოველდღიურობას აღვწერ.
ვარჯიში მენატრება, მოძრაობა, სიარული. თუმცა, გოლფის ჩანთა მაქვს თან და ოთახში ვცდილობ გავაუმჯობესო ჩემი მონაცემები. სასაცილოა, არა?!
ასეთი ამბავი მახსენდება: ერთ კაცს ხუთი წელი მიუსაჯეს. მასაც თან ჰქონდა თავისი ჩანთა და ვარჯიშობდა. რომ გამოვიდა, გოლფის საუკეთესო მოთამაშე იყო! იქნებ მეც ასე დამემართოს?!
რომ გამოვალ, გოლფის საუკეთესო მოთამაშე ვიქნები და ჩემს ცოლს ვაკოცებ“.






















