20:54 | 2021-03-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“რომ იცოდეთ, უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილნი…” – გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

“რომ იცოდეთ, უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილნი…” – გურამ დოჩანაშვილი 82 წლის გახდა

“მე ღარიბი ვარ, როგორც იესო” – წერს ჩვენი კლასიკოსი, გურამ დოჩანაშვილი და ის ნამდვილად ყველაზე მოკრძალებულად ცხოვრობს ჩვენს დროებაში.

 

“გურამ დოჩანაშვილთან სახლში რომ მიხვალთ, ვერ იგრძნობთ, რომ იქ ბუმბერაზი კლასიკოსისა და ბესთსელერების ავტორის საცხოვრებელია. ზედმეტად მოკრძალებულად ცხოვრობს. მატერიალიზმი რომ მისთვის არაფერს წარმოადგენს, ამას მისი ცხოვრება ხაზს უსვამს. სულიერად მასზე მდიდარი ადამიანი, მე დღეს საქართველოში არავინ მეგულება” – “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილი.

 

May be an image of Edmond Minashvili და Georgi Osepashvili

 

დღეს ყველასთვის საყვარელი მწერალი 82 წლის გახდა.

 

“ისეთი კარგი ბავშვობა მქონდა, ზოგჯერ, სულელურად ვამბობ, ნეტავ, საერთოდ არ მქონოდა-მეთქი. რუსთაველის 2 ნომერში ვცხოვრობდი, დიდ ეზოში. ესტრადა, კინო, აუარება გასართობი გვქონდა. ჩემი მთავარი გასართობი იყო წიგნის კითხვა” – ამბობს მწერალი.

 

ყველას საყვარელი “სამოსელი პირველის” წერა 26 წლის ასაკში დაუწყია.

 

“12 წელი ვწერდი. 1978 წელს დავამთავრე წერა. მარკესის გავლენა აქვსო, ამბობდნენ. არადა, მარკესი რუსულად ითარგმნა 1984 წელს და ამ თარიღებს კი არ უყურებდნენ.”

 

ამბობს, რომ თავისუფალი ეს არის მორწმუნე, ღვთის მორჩილი ადამიანი. ის არის უდიდესი თავისუფლების მომტანიო.

 

2015 წელს გამოვიდა კლასიკოსის თხზულება “ბრმად ყოფილი და…”, რომელიც უწ­მინ­დესს დაჰ­პირ­და, 2 წე­ლი­წად­ში დავ­ას­რუ­ლებო, თუმ­ცა ამ ნა­წარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას – 7 წელი დას­ჭირ­და.

 

“უწ­მინ­დე­სი სულ მა­რი­გებ­და და მომ­ცა ძალა, რომ ჩემს ასაკ­ში და­მე­წე­რა”, – გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა.

 

May be an image of 2 people, including Edmond Minashvili და people smiling

 

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი სა­მე­ბის ლავ­რა­ში ორი წელი ცხოვ­რობ­და, რომ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ექ­მნა. სწორედ, იქ ცხოვრების პერიოდში გაიცნო საყვარელი მწერალი ედმონდ მინაშვილმაც.

 

ედმონდ მინაშვილი: – მიყვარს და ვუყვარვარ. ცოცხალი ლეგენდაა. ჩვენი უკვდავი კლასიკოსია. 14 წიგნი მაქვს მის მიერ ნაჩუქარი, მისივე ავტოგრაფით.

 

თავიდან მისი ერთგული მკითხველი ვიყავი, როგორც ყველა ქართველი და 8 წლის წინ შევხვდით პირველად.

 

სამების ეზოში უწმინდესმა ღვაწლმოსილ ადამიანებს გამოუყო ლავრები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და საჭიროებისამებრ, მკურნალობდნენ. ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფეხი რომ მოიტეხა, სარეაბილიტაციო პერიოდს იქ გადიოდა. მივედი და მოვინახულე. კარგად რომ ვისაუბრეთ, მითხრა, ჩემს გვერდით ლავრაში გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობს, გადავიდეთ, მოვინახულოთო. წარუდგინა ჩემი თავი, ჩემი მოსწავლე, მსახიობი ედმონდიო.

 

ბატონმა გურამმა უთხრა, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ორი კვირაა გაჩერებული ვიყავი, წერას ვერ ვაგრძელებდი. ღვთისმშობელი რაღაცისთვის უნდა შემედარებინა და ვერაფერს ვადარებ, მზე, მთვარე, ყველაფერი მებანალურაო. დღეს დილით კი მომივიდა იდეა და წერაც გავაგრძელეო, თქვა. რას შეადარეო, ჰკითხა ბატონმა რეზომ. დავწერე – “ღვთისმშობელი ლამაზი, როგორც თვითონ”. ეს ფრაზა შევიდა მის ნაწამოებში “ბრმად ყოფილი და…”

 

ამის აღსანიშნავად შავი ღვინის ბოთლი გახსნა, შეივსო სამი ჭიქა და ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.

 

მას შემდეგ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ერთად გვიმოგზაურია. ყოფილა შემთხვევები, უთხოვია, რომ გავყოლოდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

 

ვინ გააბრაზა და რატომ წავიდა სახლიდან ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი
2020-07-19ვინ გააბრაზა და რატომ წავიდა სახლიდან ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი

 

ოპერის თეატრში 2016 წელს ვითამაშეთ ზაზა მარჯანიშვილის მიუზიკლი  – “სამოსელი პირველი”. სხვადასხვა თეატრებიდან ვიყავით დრამის მსახიობები მიწვეულნი. მასშტაბური პროექტი იყო. 300-მდე ადამიანი ვიდექით სცენაზე. დომენიკოს თამაშობდა თორნიკე ბზიავა, ალექსანდროს – მე. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი პერსონაჟია. იმ დროს კარგად ვიცნობდი ბატონ გურამს და სპექტაკლის შემდეგ, კომპლიმენტი მითხრა: ისეთი ალექსანდრო იყავი, მე რომ ვწერდი და წარმოდგენილი მქონდაო. ეს კომპლიმნეტი დიდი პატივი იყო ჩემთვის. წინასწარ არ მითქვამს, რომ ამ სპექტაკლში ვთამაშობდი და რომ მნახა, გაუხარდა.

 

აქვს დიდი იუმორის გრძნობა. განსხვავებული იუმორი აქვს. ისე შეფარულად გეტყვის რაღაცას, შენ სიცილით მოკვდები, მას არც კი გაეღიმება.

 

მასთან ყოველი ახალი ურთიერთობა ცალკე აკადემი და გადაშლილი წიგნია. სულ რაღაცას სწავლობ, იგებ. მიყვება ისტორიებს, რომელსაც ასე დასაწერად ვერ მოვყვები.

 

მონაყოლი აქვს ჭაბუა ამირეჯიბთან, ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან ურთიერთობებზე. საოცარი ურთიერთობა აქვს პატრიარქთან. უწმინდესი ცხოვრებისეული საზომია მისთვის.

 

არის თავმდაბალი და კეთილშობილი. არიან გენიოსები, მაგრამ მსგავსად წესიერები და თავმდაბლები ნაკლებად არიან. ჩრდილშია ყოველთვის. ძალიან მოკრძალებულია. არ უყვარს ფოტოს გადაღება. ერთადერთი ვარ, ვისაც აძლევს ფოტოს გადაღების საშუალებას.

 

May be an image of 2 people, including Edmond Minashvili და people smiling

 

რამდენჯერ მნახავს სულ მეკითხება, ცოლი როდის მოგყავსო? დღესაც ეს მკითხა. სულ ახლახან ბატონ გურამს ძმა გარდაეცვალა, ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, გოგა ოსეფაშვილი. ძალიან დარდობს და განიცდის. უნიკალური ძმობა ჰქონდათ.

 

უნდა გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ, სანთელი დავუნთოთ, რომ ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე.

 

დაბოლოს

 

გურამ დოჩანაშვილი: – იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო, თქვენს კლდოვან სულში!
ვიდრემდე წახვალთ, ერთს გეტყვით კიდევ. ნუ გგონიათ, რომ ცუდ და უბედურ დროს დაიბადეთ. იქნება მართლა კარგი იყო ის ოქროს ხანა, ზღაპარ-ზღაპარ რომ გვსმენია ხოლმე, მაგრამ მტერს, სულ მოლზე წოლა, სალამურის დაკვრა და წყაროს ჩუხჩუხი… და რომ იცოდეთ, უბედნიერეს დროებაში ხართ გაჩენილნი ყველანი – სიბინძურეში ამაღლების შანსი უფრო არსებობს და ეს შანსი თქვენ მოგეცათ. წადით ახლა და თქვენ იცით, როგორ იბრძოლებთ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X