
ქართველი მომღერლები და მუსიკოსები თბილისის მერიის “ფეისბუქის” გვერდზე ონლაინკონცერტებს გამართავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, რაღაცნაირად ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გაგახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება – დარჩი სახლში – რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ” – ნათქვამია კახი კალაძის განცხადებაში.
როგორც გავარკვიეთ ონლაინკონცერტების ჩამტარებელთა სია ახლა დგება, მათ შორის კი არიან: ანსამბლი “შვიდკაცა”, დათო ევგენიძე, ნოდარიკო ხუციშვილი… კონცერტების ლოკაცია არ სახელდება, თუმცა როგორც სოფო ხუნწარიამ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა, სივრცე უსაფრთხოა, ხსნარებით მუშავდება სტუდიაც და ინსტრუმენტებიც.
“ყოველ საღამოს 22 საათზე გავა კონცერტი. ხან სოლო შემსრულებლის, ხან ჯაზმენის, ხან ანსამბლის” – აცხადებს სოფო ხუნწარია.
როგორც კახა მამულაშვილი “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, ლელას ჯერ ონლაინკონცერტის ჩატარების შეთავაზება არ მიუღია.
“ჩვენ ჯგუფში 12 კაცზე მეტნი ვართ, ანუ ამ ვითარებაში ამდენი ადამიანი ერთად ვერ შევიკრიბებით. არც მიგვიღია შეთავაზება” – ამბობს მამულიჩა.
სტეფანე მეორე კვირაა თვითზოლაციაშია, ასე გადაწყვიტა და არც კონცერტისთვის გეგმავს გარეთ გასვლას.
სტეფანე: – ყველანაირად თავს ვიკავებ გარეთ გასვლისგან. არც მე მინდა ვინმემ ვირუსი გადმომდოს და არც მე მსურს მერე სხვას, ასაკიან ადამიანებს გადავდო. გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ჩატარდა ნინო ქათამაძის ფეისბუქკონცერტი. გვაჯის სურდა ჩემი კონცერტიც ჩაეტარებინა, თუმცა მე თავს ვიკავებ. სულ სახლში ვარ. მარკეტში გავედი ერთხელ ეკიპირებული, ლაივს ეკიპირებული ვერ ჩავატარებ.






















