10:17 | 2021-06-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რომელი ცნობილი პოეტია გამოსახული ფოტოზე ქუჩაში მცხოვრებ ობოლ ბავშვებთან ერთად – ერთი ფოტოს ისტორია

რომელი ცნობილი პოეტია გამოსახული ფოტოზე ქუჩაში მცხოვრებ ობოლ ბავშვებთან ერთად – ერთი ფოტოს ისტორია

გალაკტიონის არც თუ ისე ცნობილ ფოტო-სურათს გამურულ ბავშვებთან ერთად საინტერესო და გულისამაჩუყებელი ისტორია აქვს. ალბათ, დიდ პოეტსაც გული აუჩუყდა, როცა მოზარდების მძიმე თავგადასავალი მოისმინა – ბავშვებს მშობლები რუსეთის სამოქალაქო ომში დაღუპვოდათ, ისინი კი ობლობასა და სიცივეს გამოქცეოდნენ, ბიჭები მშობლიურ სითბოს ქართულ მიწაზე ეძებდნენ. ასე, ხეტიალის დროს, პატარები დიდ გალაკტიონს შეხვდნენ და ეს შეხვედრა კადრზე შემორჩა…

 

აღნიშნული ფოტო ასევე ცნობილი მწერლის, შიო მღვიმელის საოჯახო ალბომში ინახება. პოეტისა და ობოლი ბავშვების შეხვედრას ვერ მწერალი შეხვდა ემოციების გარეშე…

 

ფოტო-ისტორიაზე თავად დიდი პოეტი ასე წერდა: 

 

“მახსოვს ეს იყო დიდი ხნის წინათ, დაახლოებით 16 წლის წინათ. რკინიგზის სადგურში შემხვდნენ ეს ბავშვები. გადავიღეთ­ ერთად სურათი. ისინი წამოსულიყვნენ რუსეთიდან, აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებითო. მათი მშობლები სამოქალაქო­ ომში დაღუპულიყვნენ.

 

მახსოვს იმავე დღეს შევხვდი ბავშვების საყვარელ მგოსანს შიო მღვიმელს. როდესაც მან ეს სურათი ნახა, თვალებზე ცრემლი მოერია. გადამეხვია და გადამკოცნა. სურათი კი თან წაიღო. ძალიან მჭირდებაო, მითხრა… ეს ამბავი სულ გადამავიწყდა და ხელახლა გამახსენდა, როდესაც­ 16-17 წლის შემდეგ მაჩვენეს სურათი. აღმოჩენილი შიო მღვიმელის ქაღალდებში”.- იხსენებდა გალაკტიონი.

ხოლო წიგნში “გალაკტიონი და თბილისი” ავტორი, ვახტანგ ჯავახაძე დამატებით აღნიშნავდა, რომ პოეტი “გარეთაც შინ იყო” და სხვა დროსაც, ფოტოატელიეში არაერთ უცნობ ადამიანთან ერთად კადრზე შესაჩერებელი წამისთვის მისულა…

 

“ეს ოციანი წლების ფოტოა: გალას ოთხი გაზანგული და ჩამოკონკილი ბიჭი შემოუკრებია, ათი-თორმეტი წლისანი. სამი ფეხზე დგას, ერთი ჩამუხლულია. ოთხივეს ქუდი ახურავს, თვითონ ქუდი ხელში უჭირავს, სკამზე ზის შუაში და ყელი მოუღერებია. პოზის რეჟისურაც მისი მოფიქრებულია.

 

სხვა დროსაც ხშირად სტუმრებია ფოტო­გრაფს უცნობებთან ერთად: ამათთან უკეთ გრძნობდა თავს. აქაც მარტო იყო. თავის სტიქიაში­ გახლდათ: არავის ერიდ­ებოდა, არც ეჩქარებოდა, არსად ეჩქარებოდა­, არავინ ელოდებოდა. გარეთაც შინ იყო…” – წერდა მწერალი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X