
ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ჯოზეფ რობინეტ (ჯო) ბაიდენი, 78 წლის დემოკრატი, რომელმაც არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება მოახერხა.
ბევრი ფიქრობს, რომ ბაიდენი იქნება ღია და უკომპრომისო მხარდამჭერი ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური წინსვლისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდბეობას იკავებს სენატორი კამალა ჰარისი, რომელიც აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი ქალი ამ პოსტზე. იგი გახლავთ იმიგრანტების ოჯახიდან (დედა ინდოეთიდან, მამა იამაიკიდან), რომელმაც შეერთებულ შტატებში თავბრუდამხვევი პოლიტიკური კარიერის შექმნა მოახერხა.
პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ბაიდენის კაბინეტში იქნება პირველი ტრანსგენდერიც – ჯანდაცვის მიდვნის მრჩეველის პოსტზე წარდგენილია პენსილვანიის მთავარი ექიმი, რეიჩელ ლევენი.
რა ვიცით ამერიკის „დემოკრატიული პარტიის“ შესახებ, რომელმაც უკვე ოფიციალურად გადაიბარა თეთრი სახლი?
ენდრიუ ჯექსონი იყო გამოჩენილი ამერიკელი გენერალი. 1820-იან წლებში სწორედ მან დაარსა „დემოკრატიული პარტია“, რომელიც წარმოადგენს რესპუბლიკელების მთავარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას.
1829 წელს ჯექსონი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მეშვიდე პრეზიდენტი. თავიდან „დემოკრატიული პარტიაც“ მომხრე იყო მთავრობის შეზღუდული ძალაუფლებისა და მეტი სუვერენიტეტისა შტატებისთვის, შემდეგ თანდათანობით ის იკავებდა უფრო სოციალ-ლიბერალურ პოზიციას, ანუ მთავრობის მეტ ჩარევას ადამიანის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში.
წარმატებების და წარუმატებლობების მიუხედავად ერთი რამ ცალსახაა – შეერთებული შტატების ორივე პარტია ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, ურთიერთპატივისცემას და თუ არ ჩავთვლით ბოლო, დონალდ ტრამპის მაგალითს, ყველა საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხებული კანდიდატი პირველი ულოცავდა გამარჯვებას მის კონკურენტს, რაც ქართულ რეალობაში რთულად წარმოსადგენი ამბავია – ჩვენთან ხომ ყველას თავისი გამარჯვებული ჰყავს!
სწორედ დემოკრატიისადმი ერთგულება აქცევს ამერიკას ზესახელმწიფოდ, თუმცა დემოკრატებს, ისევე როგორც რესპუბლიკელებს მწვავე კრიტიკოსები ნამდვილად არ აკლია. ვინაიდან ახლა ჯო ბაიდენზე და „დემოკრატიულ პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ლოგიკურია მოვიხმოთ, დემოკრატების ერთ-ერთ ოპონენტის, გამოჩენილი მწერლის, პოლიტიკური ანალიტიკოსის და კინორეჟისორის დენიშ დ’სოუზას მოსაზრებები.
მას მყარად სჯერა, რომ „დემოკრატიულ პარტიას“, განსხვავებით რესპუბლიკელებისგან, აქვს სხვა მანკიერი მხარეები, ვიდრე ბრძოლა უმცირესობებისთვის, ქალების, ლათინოსებისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ეს პარტია, ზოგ შემთხვევაში არ წარმოადგენდა ჩვეულებრივი ადამიანებისა და შავკანიანების ინტერესების გამტარებელს, და უფრო მეტიც, წარსულში თავადვე იყო ლათინოსებისა და ემიგრანტების მჩაგვრელი.
ამის დასტურად, დენიშ დ’სოუზას მოჰყავს ის ფაქტი, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დემოკრატები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ ქალებისთვის ხმის მიცემის კანონის გატარებას კონგრესში და სხვა უფლებებს, მაგრამ რესპუბლიკელებმა მაინც შეძლეს მოგება. თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი „დემოკრატიულ პარტია“ მნიშვნელოვნად განსხვავდება გასული საუკინის საწყისი პერიოდისგან და ისიც ფაქტია, რომ დღეს ეს პარტიია უხვად არის დაკომპლექტებული ქალების წარმომადგენლობით.
„დემოკრატიულმა პარტიამ“ დაიწყო მარცხნისკენ გადახრა ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს, როცა პარტიამ განავითარა სოციალურ-ლიბერალური პლატფორმა, რამაც შეაფერხა იმდროინდელი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა.
დენიშ დ’სოუზა კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას იმის დასტურად, თუ რატომ ჯობია „რესპუბლიკური პარტია“ დემოკრატიულს? – სამოქალაქო ომის დროს არცერთი რესპუბლიკელი არ ფლობდა მონებს. 4 მილიონი მონა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ექსკლუზიურად დემოკრატების საკუთრებაში. ამ ინტერესებიდან გამომდინარე, „დემოკრატიული პარტია“ მხარს უჭერდა მონობის შენარჩუნებას. თუმცა დრო შეიცვალა, ისევე როგორც ფუნდამენტური შეხედულებები.
ფაქტია, რომ დღეს ბევრი ამერიკელი ხმას აძლევს „დემოკრატიულ პარტიას“, რამაც ჯო ბაიდენის წარმატება უზრუნველყო, თუმცა რესპუბლიკელების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ეს პარტია ნაკლებად არის ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე. ამ ფონზე ბევრი კმაყოფილია, რომ „დემოკარატიული პარტია“ ყოველთვის ზრდის სამთავრობო სამუშაო ადგილს და ამით ჩინოვნიკების რიგები მატულობს. ეს სამუშაო არ არის მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული, სამაგიეროდ სტაბილურია, არ ითხოვს მძიმე შრომას, განსაკუთრებულ გამჭრიახობას. აქ ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, არ ებმევა კონკურენციისთვის ბრძოლაში.
რატომ დაჰპირდა ობამა შავკანიანებს ცხოვრების გაუმჯობესებას და რატომ ვერ შესრულდა დაპირება? – კითხულობს დ’სოუზა თავის წიგნში და იქვე პასუხობს:
„განსხვავება ესაა – რესპუბლიკელები სთავაზობენ შესაძლებლობების კიბეს. თქვენ უნდა დაიჭიროთ ის და ახვიდეთ მასზე. თქვენს შრომაზე, უნარზე და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად ახვალთ სიმაღლეზე. დემოკრატები კი გთავაზობენ თოკს: დაიჭირეთ იგი და დემოკრატები აქაჩავენ მას. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ „ოჰ, მე ეს მირჩევნია. მე არ უნდა ვღვარო ოფლი, ისინი ამქაჩავენ”. მაგრამ შენ მათზე იქნები დამოკიდებული. მათ ხომ შეუძლიათ მიაგდონ თოკი ან დაკარგონ ინტერესი და მაშინ შენი ასვლა შეჩერდება ან მთლად ჩამოვარდები სიმაღლიდან“.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „რესპუბლიკური პარტია“ უფრო მეტად ამერიკული ოცნების მცველია. კითხვაზე – როგორ გავიგო, რომ ამერიკელი გავხდი, დ‘სოუზა პასუხობს: „შენ გაიგებ, რომ ამერიკელი გახდი, როდესაც გახდები რესპუბლიკელი, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ არის შესაძლებლობის კიბის მცველი. ის არის მიჩნეული ამერიკული ოცნების ჩემპიონად და ამიტომ კონსერვატორები იცავენ ამერიკული რევოლუციის პრინციპებს, რაც დამყარებულია ქრისტიანულ ფასეულობაზე და პირად და ეკონომიკურ თავისუფლებაზე. ისინი ამაყობენ თავისი დროშით. ამერიკელებისთვის დროშის დაწვა ნიშნავს დიდ შეურაცხყოფას“.
დღეს მზარდი აგრესია დასტურდება მოსახლეობაში იდეოლოგიის ცვლილებებით. აღსანიშნავია, რომ სოციალიზმის მხარდაჭერა „დემოკრატიული პარტიის“ მომხრეთა შორის 2019 წელს რეკორდულად გაიზარდა. ეს ტრადიცია მოდის ჯერ კიდევ პრეზიდენტ ვუდრო ვილსონისგან და შემდეგ გაღრმავდა სოციალისტი ფრანკლინ რუზველტის დროს, რომლის პრეზიდენტობისას მიიღეს შესაბამისი კანონები, რამაც გარკვეული გავლენა მოახდინა სოციალურ ცხოვრებაზე.
საინტერესოა, თუ რატომ გადაინაცვლეს შავკანიანებმა დემოკრატიულ პარტიაში?
დ’სოუზას გადმოცემით, რუზველტმა თავისი New Deal-ის პროგრამით შავკანიანებს უბოძა მრავალი პრივილეგია და ამით აიძულა ისინი გადასულიყვნენ რესპუბლიკურიდან „დემოკრატიულ პარტიაში“. იმ დროიდან შავების უმრავლესობა უმთვრესად ხმას აძლევს დემოკრატებს. მათი სახცოვრებელი მოთხოვნების, სამედიცინო დაზღვევების და სხვა ხარჯების დაფარვა გარანტირებულია ცხოვრების განმავლობაში, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო არჩევნებში უპრეცენდეტოდ ბევრმა შავკანიანმა დაუჭირა მხარი რესპუბლიკელ ტრამპსაც.
ავტორი: ქეთი ფარესაშვილი
გამოყენებული მასალა:
- The Big Lie: Exposing the Nazi Roots of the American Left by Dinesh D’Souza
- United States of Socialism: Who’s Behind It. Why It’s Evil. How to Stop It.by Dinesh D’Souza
- Death of a Nation: Plantation Politics and the Making of the Democratic Partyby Dinesh D’Souza
- Stealing America: What My Experience with Criminal Gangs Taught Me about Obama, Hillary, and the
- Democratic Party by Dinesh D’Souza
- Hillary’s America: The Secret History of the Democratic Party by Dinesh D’Souza
- The Roots of Obama’s Rage by Dinesh D’Souza
- Obama’s America: Unmaking the American Dreamby Dinesh D’Souza






















