17:07 | 2021-01-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როცა გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, არ ამბობს, რათა დედამ არ ინერვიულოს – 20 წლის მარიამს ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს

როცა გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, არ ამბობს, რათა დედამ არ ინერვიულოს – 20 წლის მარიამს ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს

“პრაიმტაიმს” ერთ-ერთი მკითხველი დაუკავშირდა და 20 წლის მარიამ სუხიაშვილის შესახებ ინფორმაციის სასწრაფო გავრცელება სთხოვა. მარიამი ახლა, თურქეთშია და მას დახმარება უკიდურესად ესაჭიროება. საქმე იმაშია, რომ ის უკიდურესად ცუდადაა, მაგრამ ამ დრომდე, დიაგნოზის დასმა ვერც საქართველოში მოხერხდა და ვერც გერმანიაში.

 

ახალგაზრდა გოგოს მუცელი სითხით ევსება, ექიმები უღებენ, მაგრამ ვერც გამომწვევ მიზეზებს ადგენენ და ვერც მკურნალობის კურსს საზღვრავენ. როგორც ჩვენთან საუბარში, მარიამის ნათლია, ნესტან სარალიძე ამბობს, ნათლულს კვლევები ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში დაუწყეს, ბოლოს კი, ინფექციური საავადმყოფოდან ანალიზები გერმანიაში გაიგზავნა, მაგრამ ვერც იქ მოხერხდა დიაგნოზირება. მარიამს მხოლოდ დედა ჰყავს, რომელიც შშმ პირია.

 

როცა მარიამს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, არ ამბობს, რათა დედამ არ ინერვიულოს… ბოლო თვეების განმავლობაში, მარიამი ნათლიასთან იყო. როცა მან სამეგობრო წრეში ნათლულის გასამგზავრებელი თანხა შეაგროვა, დაუყონებლივ თურქეთში გაუშვა, რადგან ექიმები ასეთი სიხშირით მუცლიდან სითხის ამოღების წინააღმდეგები არიან. ახლა, მარტოხელა და რთულ მდგომარეობაში მყოფ დედას შვილის გადასარჩენად საზოგადოების თანადგომა სჭირდება, ხოლო თავად მარიამს, სულ რაღაც 20 წლის გოგოს, დახმარებით იმის დამტკიცება, რომ ის და დედა მარტო მხოლოდ სახლში არიან, ხოლო სამყაროში კეთილი ადამიანები მათი “დიდი ოჯახის” წევრები არიან.

 

“მარიამ სუხიაშვილი 20 წლისაა, ის ჩემი ნათლულია, ზესტაფონში დედასთან ერთად ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. მარიამი ერთ-ერთ მარკეტში მუშაობდა, სანამ ცუდად გახდებოდა. გასულ წელს, მას საკვერცხეზე კისტა აღმოაჩნდა და ოპერაცია გაუკეთდა, მაშინვე კვლევა გაკეთდა და გვითხრეს, რომ კეთილთვისებიანი იყო. ამ ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე თვეში ღვიძლი და ელენთა გაუდიდდა. მუცელში წყალი ჩაუდგა, ზესტაფონიდან ქუთაისის კლინიკაში გადავიყვანეთ და ამოუღეს ეს სითხე, თუმცა ამოღებიდანვე მალევე 3-4 დღეში წყალი ისევ თავიდან დგებოდა…

 

მერე, ჩემთან, თბილისში წამოვიყვანე და ინფექციურ კლინიკაში მივიყვანე, რათა ღვიძლზე დეტალური კვლევა გაეკეთებინათ. ვერ მოხდა დიაგნოზირება, მერე ანალიზები გერმანიაში გავგზავნეთ და ვერც იქ გაიგეს მარიამს რა დაავადება აქვს და როგორ ვუმკურნალოთ.

 

ექიმებმა ბოლოს მითხრეს, ასეთი სიხშირით მუცლიდან წყალს ვეღარ ამოვუღებო. ბოლოს საწყალ მარიამს დაწოლაც კი უჭირდა, გულს ისე აწვებოდა. მეგობრების წრეში მისი გასამგზავრებელი თანხა ვიშოვე და თურქეთში გავუშვი, მაგრამ ახლა, იქაც კვლევები მიმდინარეობს და ვეღარ ვახერხებთ დამოუკიდებლად მისი ცხოვრების ხარჯების დაფარვას. კლინიკის სასტუმროშია და დღე-ღამეში 50 დოლარს ვიხდით, რისი საშუალებაც აღარ გვაქს. იქნებ, თქვენს მკითხველებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ჩემი ნათლულის გადარჩენა და დახმარება შეუძლია, მას შუა გზაზე ნუ დავტოვებთ.” – ამბობს ნესტან სარალიძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X