
ქალი, რომელმაც 26 წლის წინ პაწაწინა გოგონა იშვილა, ახლა მის ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ლამზირა ლილუაშვილი ჰყვება, რომ ბავშვი ზესტაფონის სამშობიაროს ერთ-ერთი ბლოკიდან წამოიყვანა და მასში 3 მილიონი კუპონი გადაიხადა. უთხრეს, რომ მის მშობლ;ებს სხვა შვილებიც ჰყავდა და კიდევ ერთი გოგონას გაზრდას ვეღარ შეძლებდნენ.
ქალბატონმა ლამზირამ მაშინ ეს ამბავი დაიჯერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჯგუფში „ვეძებ“ უამრავი ამბავი წაიკითხა, ეჭვი გაუჩნდა, რომ შესაძლოა, მისი გოგონა მოპარული იყოს, მშობლებს კი ის გარდაცვლილი ჰგონიათ.
– ვისაც არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რას გრძნობს ქალი, რომელსაც შვილი არ უჩნდება. 8 წელი შვილი არ გვყოლია. ჩემს ქმარს არ უნდოდა ბავშვის აყვანა, მაგრამ მაინც ვეძებდი გასაშვილებელ ბავშვს. ვფიქრობდი, რომ შვილი ოჯახში ყველაფერს შეცვლიდა. სხვაასხვა ბავშვთა სახლს მივმართე, მაგრამ ყველგან უარით გამომისტუმრეს. შემდეგ გავიგეთ, რომ ახალშობილი შვილდებოდა. ექთნის ოჯახში მივედით და იქიდან წამოვიყვანეთ. ბავშვი 1 კილო და 500 გრამი იყო. ექიმმა მითხრა, ამ ბავშვს ვერ გაზრდი და საიდანაც წმოიყვანე, უკან დააბრუნეო, მაგრამ ვერ შევძელი.
მაგდა 1995 წლის 21 მარტს ავიყვანე და მითხრეს, რომ 14 დღის იყო. მისი დაბადების დღეს 7 მარტს აღვნიშნავთ, მაგრამ ეს ალბათ ზუსტი თარიღი არ არის. გაფრთხილებული ვიყავი, რომ ანონიმურობა აუცილებლად უნდა დაგვეცვა და არსად არაფერი გვეთქვა.
მაგდა სავარაუდოდ ზესტაფონის სამშობიაროშია დაბადებული. თვის შემდეგ ანუ მას მერე, რაც დავრწმუნდით, რომ ბავშვი გაიზრდებოდა (ასეთი იყო მოლაპარაკება), იმ ექთანს 3 მილიონი კუპონი გადავუხადეთ.
ჩემი შვილის სახელი და გვარი მაგდა გოზალოვია, ხორბილისფერი კანი აქვს, წყნარი, მშვიდი და კეთილი გოგონაა. ცოტა პუტკუნაა და ეს მისი გენეტიკის ამბავი მგონია.
მაგდა რომ გათხოვდა და შვილები შეეძინა, გადავწყვიტე, ყველაფერი მომეყოლა. ახლა ჩვენთან ცხოვრობს, ქმარ-შვილთან ერთად და ვერ მოვისვენე, რომ არ მეთქვა სიმართლე. ბავშვბი იზრდებიან, უფროსი უკვე 8 წლისაა. წლებია, იტალიაში ვცხოვრობ, დავურეკე და ყველაფერს მოვუყევი. ძალიან ინერვიულა, იტირა, რადგან მანამდე ეჭვიც კი არასოდეს გასჩენია, რომ ნაშვილები იყო. ეს 4 წლის წინ მოხდა. მთხოვა, რადგან მიმატოვეს, ნუ მოვძებნით ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, მე დედაც მყავს და მამაცო.
როცა „იავნანას“ ვუმღეროდი, ვტიროდი, – დედამ როგორ მიატოვა-მეთქი…
მიუხედავად მაგდას თხოვნისა, მაინც ვეძებდი მის მშობლებს, რადგან მართლაც არაა გამორიცხული, რომ მშობლებს მოპარეს და იმათ უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.
ქალი, რომლისგანაც ბავშვი წამოვიყვანეთ, მკვდარია. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ მაგდასთვის ვიღაცას უთქვამს, აქ დაგინახეო, როცა იქ არ ყოფილა. ისეთი პატარა წონის დაიბადა, რომ არაა გამორიცხული, ტყუპისცალი იყოს. ვეძებ ჩემი მაგდას დედას. მინდა, გამოჩნდეს და თუ უნდა, არ გამოვაჩენ. 24 წლის ვიყავი, როცა მაგდა ავიყვანე, მაგრამ მაინც უნდა მქონოდა იმდენი ჭკუა, რომ ბავშვის ნამდვილი გვარის შესახებ მეკითხა.
მაგდა 8 წლის იყო, როცა მე და ცემს მეუღლეს ვაჟი შეგვეძინა და 3 წლისა და 3 თის შემდეგ – კიდევ ერთი ვაჟი, თუმცა, ის 3 წლის გარდაიცვალა – მეზობელს ჰყავდა წაყვანილი და მათ ეზოში, თავღია ჭაში ჩავარდა.
როცა ჩემს ნიკას ვეფერებოდი, ვცდილობდი, მაგრას არ დაენახა, თუ მაგდა იყო გასალახი, ნიკას ვცემდი. სულ იმის მეშინოდა, მაგდამ ოდესმე რომ გაიგოს, რომ ნაშვილებია, არ იფიქროს, რომ მკაცრად ვექცეოდი-მეთქი. ბავშვებს არასოდეს ვასხვავებდი. და-ძმას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, ძალიან უყვართ ერთმანეთი.
არავინ იფიქროს, რომ მაგდას მშობლებს იმიტომ ვეძებთ, მას რამე აკლია ან სჭირდება. იტალიაში იმიტომ წამოვედი, რომ მისი ოჯახი 5 სულისგან შედგება და მინდა, დავეხმარო, თორემ ნიკას ჯერ ოჯახი არ ჰყავს, მარტოა და ბევრი არაფერი სჭირდება.
























