
თურქეთში წასული ქართველების შესახებ დროდადრო სხვადასხვა ისტორია ვრცელდება. ნაწილი ტრეფიკინგის შემთხვევებზე საუბრობს, ნაწილი – მოსავლელ მოხუცებზე, მოსაკრეფ ჩაისა და თხილზე, დაბალ შემოსავლებზე და ნოსტალგიაზე. “პრაიმტაიმის” დღევანდელი რესპონდენტი თურქეთში ჩასულ ქართველ სექსმუშაკებზე საუბრობს. თავადაც უკვე 25 წელია სექსმუშაკია. ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა მრავალწლიანი დუმილი „პრაიმტაიმთან“ დაარღვიოს და საზოგადოებას ერთგვარი „აღსარება“ ჩააბაროს.
ნათია ჭელიძე სენაკის ბავშვთა სახლში დაბადებიდანვე აღმოჩნდა. მისი თქმით, ბიოლოგიურ მშობლებს, ან სხვა ახლობლებს არასდროს მოუკითხავთ. 16 ასაკს რომ მიაღწია, მაშინ მასზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაცმა იძალადა, დაუცველი გოგო სირცხვილის განცდის გამო, მომხდარზე არ საუბრობდა. ამის შემდეგ, მალევე 18 წლის გახდა, სენაკიდან ბევრი ქალი უმძიმეს ყოფას თურქეთში სამუშაოდ გაექცა.
ნათია ბავშვთა სახლში აღსაზრდელებთან არ მეგობრობდა, მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ჩაიკეტა. სრულწლოვანი ასაკის მიღწევისთანავე, ბავშვთა სახლის კარი სამუდამოდ მიუკეტეს, ის სხვა თანატოლების მსგავსად ქუჩაში აღმოჩნდა. მალევე, ერთ სენაკელ ქალს დაუმეგობრდა და მან სამუშაოდ თურქეთში წაიყვანა. როგორც ის ამბობს, ოჯახში, სადაც მუშაობდა 55 წლის კაცმაც სექსუალურად მასზე იძალადა. დაემუქრა, თუ ამ შემთხვევის შესახებ სადმე ისაუბრებდა, ძვირად დაუჯდებოდა. გოგონამ ისევ დუმილი არჩია. მამაკაცმა ნაცნობის ბარში მიიყვანა, სადაც კაცები პარტნიორი გოგოების გასაცნობად ხშირად დადიოდნენ. ნათია ერთ-ერთ სექს-ბარში აღმოჩნდა, სადაც სექსმუშაკად იქცა.
“თავი სენაკის ბავშვთა სახლიდან მახსოვს. მახსოვს, იმ საშინელ გარემოში, გამუდმებით ფანჯარაში ვიდექი და მშობლებს ველოდი. ისინი ჩემს სანახავად არასდროს მოსულან. არ ვიცი ვინ ვარ, რა ოჯახიდან ვარ, რა გვარს ვატარებ სინამდვილეში, ვინ არიან ჩემი ნათესავები…ამ საშინელ შეგრძნებებთან ერთად 16 წლამდე მივაღწიე. სწორედ იმ დროს, ბავშვთა სახლის ეზოში ერთმა კაცმა დამიძახა, მეგონა მამამ მომაკითხა… გამეცნო, როგორც ვინმე თემური, რომელსაც უყვარდა ბავშვები და მათზე ზრუნავდა. რამდენიმე დღეში, მე და კიდევ რამდენიმე გოგოს საჩუქრად ლამაზი კაბები და თმის სამაგრები მოგვიტანა. მოკლედ, ასე მივეჩვიეთ თემურს.

დაახლოებით 1 თვეში ბათუმში წაგვიყვანა, ის სენაკელი იყო და როგორც აღმოჩნდა, ბათუმში სასტუმრო ჰქონდა, სადაც მან გამაუპატიურა… დამემუქრა, თუ სადმე ამ შემთხვევის შესახებ იტყვი, მოგკლავო. მერე, მაინც მაკითხავდა ხოლმე, სხვა გოგოებიც მიყავდა… არადა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი. სექსმუშაკობა არ ყოფილა ჩემი არჩევანი, ეს იძულება იყო. ახლა ვხვდები, რომ ბავშვთა ზრუნვის სისტემამ, ე.წ. „პრიუტის“ ხელმძღვანელობამ გაგვიმეტა, ჩვენ უდედმამოები, უბედოები, უპატრონოები…
ბათუმში ყოფნისას ერთი თურქი მამაკაცი გავიცანი. მან შემომთავაზა საბუთების გაკეთება და თურქეთში წასვლა. იგივე სენაკში გაცნობილმა ქალმაც შემომთავაზა. მიდიოდა და მეც წავყევი. ის ძიძად მუშაობს – აინეა, მე სახლს ვალაგებდი. მერე იმ ოჯახის უფროსმა კაცმაც ჩემზე ძალა იხმარა, მაშინაც დუმილი ვამჯობინე, ხმა ვერ ამოვიღე, როგორც პირველ შემთხვევაში. მალევე, ბარში წამიყვანა, რომელიც სექს-ბარი აღმოჩნდა.
იქ დავიწყე მუშაობა, უკვე 17 წელია აქ ვარ, ჩემი „ბეი“ კარგად მიხდის, ბანკში შემაქვს და ვაგროვებ… აქ ქართველ ქალებს საკმაოდ ბევრს უხდიან, ძალიან დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ. თუმცა, ზოგი ისეთი სადისტია, იმ საათებში, რამდენსაც ჩვენთან დროის გასატარებლად იღებენ, სასტიკად გვაწამებენ, მაგრამ კარგად იხდიან. ჩვენ სული, მომავალი და ცხოვრება არც აქ გვქონია და არც – საქართველოში. ჩვენ, მეძავები, ერთი დღით ვცხოვრობთ, რომ თავი გავიტანოთ და გვეშინია სიბერის, როცა ჩვენი ხორციც კი არავის დასჭირდება და ჩვენ ცარიელი სხეულები, უბრალოდ, უნდა თან ვატაროთ და ოდესმე სამშობლოში დავბრუნდე.
ჩვენ იმ პროფესიისანი ვართ, რომელსაც მიზანი და ნატვრა არ აქვს. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ცხოვრებისგან არადანი მერგო. შვილი არ მყავს და ოჯახის სხვა წევრი, ვის სახელსაც უნდა მოვრიდებოდი და გამეფრთხილებინა, პასუხისმგებლობას არავის წინაშე ვგრძნობ, ამიტომ დიდად არც ვდარდობ ამ წრეში მოხვედრაზე, სადაც ვარ. მინდა, იმდენი თანხით დავბრუნდე, რომ ლუკმა-პური მქონდეს, თავშესაფარი და მშვიდად დაველოდო იმ წამს, როცა აქაური ცხოვრება დასრულდება.”
პატარა გოგოებს მინდა ვუთხრა, ცუდ წრეში ჩავარდნას არაფერი უნდა, მარტივია. ამიტომ, თუ თქვენზე ვინმე ცუდად გაიფიქრებს, მაშინაც კი არ გაჩუმდეთ და თქვენი სული დაიცავით!”- ამბობს ნათია ჭელიძე.






















