
რამდენიმე დღის წინ, მხატვარმა თამარ გოჩიაშვილმა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, ექიმების მადლიერების ნიშნად „კოვიდ 19“- თან ბრძოლაში, საჩუქრად გადასცა ხატები, რომლებზეც ის წმინდანებია გამოსახული, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ეპიდემიის დროს იყვნენ მფარველები, ან უშუალოდ ამ ეპიდემიის დროს მოღვაწეობდნენ. მავანთ გაუჩნდათ შეკითხვა, რატომ არ იყო ხატზე გამოსახული წმ. კორონა.
ხატზე გამოსახულია რომის პაპი – წმ. გრიგოლ დიოლოღოსი, ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომელსაც „ხალხთა ხსნა” ეწოდება.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ხატმწერმა განაცხადა, რომ ამ ხატის შექმნამ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, იმის გამო, თუ რატომ არ არის ხატზე გამოსახული, წმ. კორონა.
– რეალურად როგორია წმ. კორინას ისტორია?
ამ მოწამეს კორონა, ანუ გვირგვინოსანი იმიტომ შეერქვა, რომ ხედავდა როგორ გადმოვიდა მის მეუღლეზე გვირგინი მოწამეობისას და მეორეს ვიტორიო შეერქვა ანუ გამარჯვება. ანუ ეს შემდეგში დარქმეული სახელებია, სინამდვილეში რა ერქვათ არავინ იცის. იტალიაში14 მაისს არის მისი ხსენება. Corona, ანუ Incoronata, ანუ გვირგვინოსანი ბერძნულად Stephani სტეფანი, ანუ სტეფანია.
მათი ნაწილების ფრაგმენტები ინახება პრაღაში. არანაირი კავშირი ეპიდემიასთან ამ წმიდანებს (შეგვეწიონ ისინი) არ ქონდათ არც სიცოცხლეში და არც მის შემდეგ, გადმოცემა მათ მატერიალური სიდუხჭირისას დახმარებას უკავშირებს. „კოვიდ 19“- ის ეპიდემიის დაწყებისთანავე, რუსეთში გაჩნდა რატომღაც ეს აზრი, რომ ამ დროს გამოჯანმრთელებისთვის ვევედროთ წმ. კორონას. ეს აიტაცეს რუსულმა ფეიკსაიტებმა და დამახინჯებული სახით დაიწყეს ტირაჟირება. სინამდვილეში, წმ.კორონას არანაირი სახის კურნებასთან, არ აქვს შეხება, არც ცხოვრების მიზედვით და არც ნაწილთა თაყვანისცემის დროს.

– როგორ გაჩნდა ხატის შექმნის იდეა?
ამ ხატის შექმნის იდეა, მსოფლიოში ახალი პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა. მსოფლიოს მრავალი ეპიდემია ახსოვს და ჩვენი ყურადღება მიიქცია, იმ წმინდანების მიმოქცევამ,,რომლებიც ამ ეპიდემიების დროს მოღვაწეობდნენ, ან ეპიდემიის დროს მფარველებად ითვლებიან. ასეთი, საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ეკლესიის წიაღში, საკმაოდ ძნელი იყო მათი გამორჩევაც კი. საბოლოოდ თხუთმეტ წმინდანზე შევჩერდით, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ეპიდემიების დროს. მეტიც, ზოგი მათგანი მხოლოდ ფიზიკურად და სულიერად დამხმარენი კი არ იყვნენ თავის ხალხისთვის, არამედ ეპიდემიოლოგების შრომაც კი გასწიეს. ზოგი მათგანი ექიმიც კი იყო, ძირითადად რა თქმა უნდა, ყველა ისინი მკურნალებად ითვლებიან.
ეს ხატი ორი რედაქციით შესრულდა. ვრცელი (15 წმინდანით) და მცირე (9 წმინდანით) და შესრულდა იმ მიზნით, რომ ექიმებისთვის გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა, რომ მათი წინამორბედი წმინდანები ყოფილიყვნენ შემწენი როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე სამკურნალო კუთხით. ეს მცირე შესაწირი და თანადგომაა ჩვენი ოჯახისა ექიმების მიმართ „კოვიდ 19“- თან ბრძოლაში. მადლობა მათ!

– რომელი წმინდანებია გამოსახული?
მთავარი ხატი, წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი რომის პაპი(+604), ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომელსაც ეწოდა „ხალხთა ხსნა”, იმ ცნობილი სასწაულის შემდეგ, როდესაც გრიგოლ დიოლოღოსმა რომში ერთ ერთ ცენტრალურ ხიდზე, ღმთისმშობლის ხატით მოაწყო ლოცვით მსვლელობა და მთავანგელოზმა მიქაელმა მახვილით განგმირა „შავი ჭირის“ ეშმაკი და რომი გათავისუფლდა შავი ჭირის ეპიდემიისგან. სწორედ, იმ წუთიდან გაწყდა იტალიაში შავი ჭირი.
ამ მთავარი ხატის გარშემო გამოსახულნი არიან ერთ ხატზე – 14 და მეორე ხატზე – 8 წმინდანი.
– რომელ ტაძრებშია თქვენი ხატები დაწერილი?
ჩემი ხატები მრავალ ტაძარშია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საბერძნეთში, უკრაინაში,იტალიაში, კვიპროსზე, ისრაელში, ესპანეთში, სერბეთში, ინგლისში, ირლანდიაში, აშშ ში და რუსეთში.
რაც შეეხება კედლის მხატვრობას, ერთობლივი ნამუშევარი მაქვს, თბილიში, ქუთაისსა და თერჯოლაში, მხატვარ დავით ხიდაშელთან ერთად.
– მეუღლეც თქვენთან ერთად მუშაობს?
დიახ. იგი ოქრომჭედელია და ჩემი ხატების სამშვენიის, ძირითადად ის აკეთებს. იყენებს სხვადასხვა მასალას ხატის შესაბამისად. ზოგი ხატი, მეტად გამშვენებულია, ზოგიც კი, სადა.

– თქვენი დაწერილი ხატებიდან, რომელიმე სასწაულს ხომ ვერ გაიხსენებდით?
შარშანწინ დავხატე და ჩემმა მეუღლემ მოჭედა ხატი, რომელზეც გამოსახულნი არიან გაბრიელ აღმსარებელი და სერაფიმ საროველი. ხატი შეგვიკვეთა კონსტანტინე ცერცვაძემ, რომელმაც მამა გაბრიელზე გადაიღო ფილმი და გამოსცა კრებული. ეს ხატი მოგზაურობს მრავალ ქვეყანაში და არის მირონმდინარე. მას უკვე მიეწერება ბევრი სასწაული. სწორედ ფილმის ჩვენებებზე მოხდა სასწაული – მან მირონდენა დაიწყო.

ხატზე გამოსახული წმინდანებია:

1) მთავარი ხატი, წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი რომის პაპი, ღვთისმშობლის ხატით ხელში, რომელსაც ეწოდა „ხალხთა ხსნა”.
2) წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
3) წმ. მართალი ლაზარე
4) წმ. მღვდელმოწამე ხაარლამბოსი მაგნეზიის ეპისკოპოსი.
5) წმ.მღვდელმთავარი რიგინოსი.
6) წმ. ზოტიკე – კონსტანტინოპოლელი მღვდელმოწამე.
7) წმ. მოწამე სებასტიანე რომაელი
8) წმ.მეფე ედვინი.
9) წმ.ალექსი შუშანია.
10) წმ. ანტონი დიდი.
11) წმ.ალექსი ღვთისკაცი.
12) წმ ნიკიფორე ლეპროსი, რომელიც „კოვიდ 19“ ის პანდემიის დროს გამოეცხადა ათონზე ბერებს და ანუგეშა.ელოცათ მისი სახელით, ეპიდემიისგან დასაცავად.
13) წმ. კვირინე რომაელი მოწამე.
14) წმ. ბონიფაციუსი.
15) წმ. დიმიტრი თესალონიკელი.
ხატზე, მინანქრის მედალიონში გამოსახულია იმპერატორი იუსტინიანე, რომელის დროსაც, რამდენიმეჯერმე იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ და მსოფლიო ხუთ დიდ ეპიდემიებს შორის შედის, როგორც „იუსტინიანეს შავი ჭირი”.
ის თავადაც იყო დაინფიცირებული, მაგრამ გამოჯანმრთელდა და ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ეპიდემიის დაძლევის მართვაში.
ის განუზომელ დახმარებას უწევდა ყველას. თავად დადიოდა დაავადებულებთან და ეხმარებოდა ექიმებს მოვლაში. მეორე მედალიონში კი გამოსახულია მთავარანგელოზი რაფაელი, რომელიც ექიმების მფარველად ითვლება.
ძველი აღთქმის მიხედვით, იგი ტობიას დაეხმარა, მის ქალაქში გავრცელებული ეპიდემიის დროს.
ეს ხატი არის მცირე შესაწირი და თანადგომა ჩვენი ოჯახის, ექიმების მიმართ „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში.
მადლობა მათ ყველაფრისთვის!






















