
ნანკა კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წინასაარჩევნო პოსტერების გაკვრის თემას შემდეგი პოსტით ეხმიანება.
“ქალაქის იერსახეს თუ ვუფრთხილდებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა სტენსილებს (კედლის მხატვრობას) ებრძვით და შლით, უმორჩილესად გთხოვთ – კეთილი ინებოთ და არჩევნების მერე ჩამოხსნათ და გაწმინდოთ ქალაქი საარჩევნო პოსტერებისგან, რომლებსაც გაუთავებლად ვუყურებთ მერეც.
არასდროს არ ზრუნავთ ამაზე და ან ყველა პარტიამ დაიაროს და საკუთარი მოაშოროს, ან ქალაქის მერიამ იზრუნოს ქალაქის იერსახეზე. ისე კანონსაც თუ შემოიღებთ და სავალდებულო იქნება, არ გვაწყენდა” – წერს მსახიობი “ფეისბუქზე”.

მსახიობს ეხმიანებიან და უწერენ, რომ არჩევნების შემდეგ, ამ პოსტერების ჩამოხსნა, კანონით სავალდებულოა.
როგორც ნანკა “პრაიმტაიმთან” იხსენებს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას”, მშენებლობის ლოკაციებზე შემოვლებულ ღობეებზეც უშლიან სტენსილების კეთებას. ასევე შლიან არტისტის – “გაგოშას” სტენსილებსაც, რომელიც მიწისქვეშა გადასავლელებში ხატავს.
“ქალაქის იერსახეს აფუჭებთო და მხატვრობის გამო ჯარიმა გადაახდევინეს “სირცხვილიას”. თან კანონით რომ შეიძლება, ისეთი რამითვის. ამ დროს კი, თურმე, პარტიების პოსტერებისგან ქალაქის გაწმენდა სავალდებულო ყოფილა. არავინ აშორებს და წლების მანძილზე ვუყურებთ ამ პოსტერებს” – ამბობს მსახიობი.























