
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში რუმინეთიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები გადაიყვანეს.
ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება.
„ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში რჩება 60 პირი, რომელთაგან 30 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 30 სამოქალაქო პირი. გუშინ როტაციის პრინციპთ გავიყვანეთ 28 პაციენტი, მათგან 12 თვითიზოლაციაში, დანარჩენი 15 პირი სხვა საკარანტინო სივრცეში მოვათავსეთ.
რაც შეეხება გუშინ შემოსულ 15 სამხედრო პირს, ისინი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და განთავსებულები არიან საკარანტინო სივრცეში, სადაც იმყოფებიან ისეთი პაციენტები, რომელთაც არავითარი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, რომლებთანაც ფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია, მათთან ამ წუთას ინფექციონისტიები მუშაობენ და გადაწყდება რამდენს ავუღოთ ნიმუში ლაბორატორიაში გასაგზავნად. გუშინ გადაგზავნილი ნიმუშებიდან ყველა ანალიზის პასუხი არის უარყოფითი,“- განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბარლიანმა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 43-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე წერია.
რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.
დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.
კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება
კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.
ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.
მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.
ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება
ასევე საინტერესოა: კორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები
ავტორი: თათია გოლოშვილი






















