16:26 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

რუსეთში ჟურნალისტების მასობრივი დაკავება მიდის, მაგრამ კრემლი მედიის დევნის ტრენდს ვერ ხედავს

რუსეთში ჟურნალისტების მასობრივი დაკავება მიდის, მაგრამ კრემლი მედიის დევნის ტრენდს ვერ ხედავს

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველად მიიჩნევა. ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებამდე ხშირად დიდი რისკის მქონე საქმიანობად ყალიბდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი მმართველები ჰყავთ. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტების დევნა და რეალური ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელშეშლა კოვიდ-19-ის  პანდემიის პირობებში გაძლიერდა, როცა რიგმა ქვეყნებმა პროსახელისუფლებო მედია გააქტიურეს, პარალელურად კი დამოუკიდებელი აქტორების მასობრივად ჩამოცილება დაიწყეს. მსგავსი პრეცედენტები 2020 წელს განსაკუთრებულად ბევრი ჩინეთში დაფიქსირდა, როცა ოფიციალურმა პეკინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  კოვიდ-19-ის გავრცელებაზე საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა. ჩინეთს ისევე როგორც სხვა საკითხებშიც, არ ჩამორჩა რუსეთის ფედერაცია, სადაც პანდემიის გავრცელებაზე რეაგირება ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული და არაეფექტური იყო. რუსეთში, არასრული „ლოქდაუნის“ პერიოდში, ხელისუფლების თუ სამედიცინო სექტორის სისუსტესა და უმოქმედობაზე დაწერილი „პოსტები“ და რეპორტაჟები არა მხოლოდ იბლოკებოდა, არამედ მათ ავტორებს სახლში პოლიცია ოპერატიულად აკითხავდა. მედიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გართულდა მაშინაც, როცა რუსეთში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი დაინიშნა-დამოუკიდებელი მედია თუ ორგანიზაციები ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის ვადის გაგრძელებისთვის შეცვლილ კონსტიტუციას დიდი კრიტიკით გამოეხმაურნენ. პანდემიის დროს ჩატარებული რეფერენდუმი და სახლების ეზოებში, მანქანის საბარგულებში გამართული ხმის მიცემის პროცესი უამრავი ადამიანის დაცინვის ობიექტი გახდა.

მანამდე კი, 2019 წელს, პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო, მსოფლიოს მასშტაბით, ციხეში 250 ჟურნალისტი აღმოჩნდა.  ამის შესახებ ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი იუწყება. იმ ქვეყნების სათავეში, რომლებშიც ყველაზე მეტ ჟურნალისტს აპატიმრებენ, ჩინეთია-აქ 48 ჟურნალისტი დაიჭირეს.

2019 წელს, რუსეთის ფედერაციაში  7 ჟურნალისტი დააკავეს, წელს კი ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. როგორც სხვადასხვა ანგარიშებშია ნათქვამი, რუსეთსა და ჩინეთში მომუშავე მედიას ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ემუქრება. საუბარია როგორც რეპრესიებზე, ასევე დაკვეთილ მკვლელობებზეც. ამას გარდა, გახშირებულია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ძარცვის ან ხულიგნობის საფარველ ქვეშ ხდება. 2020 წლის 1 იანვრიდან 29 ივლისამდე, რუსეთის ფედერაციაში 29 ჟურნალისტს, რედაქტორს თუ ტელეოპერატორს დაესხნენ თავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში არსებულ მედია ცენზურას და ტოტალურ კონტროლს წინ უძღოდა „სუვერენული რუნეტის“ შესახებ კანონის მიღება, რაც სახელმწიფოს მხრიდან ინტერნეტ კომუნიკაციებზე სრულ კონტროლს გულისხმობს. ამ კანონის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში შესაძლებლობა ჩნდება მსოფლიო ინტერნეტ ქსელი გაითიშოს როგორც ლოკალურად, ისევე გლობალურად. ლოკალურად, ეს პრაქტიკა უკვე გამოყენებულია რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართული აქციების თუ სასამართლო მოსმენების დროს. მიტინგების მონაწილეებს ან სასამართლო დარბაზში მომუშავე მედიას ინტერნეტ სიგნალს უხშობდნენ. ამ კანონის ფართომასშტაბიანი ამოქმედების შემთხვევაში კი, კრემლი შეძლებს ნებისმიერი არასასურველი მსოფლიო კონტენტი უბრალოდ დაბლოკოს. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, სადაც ტოტალური ინტერნეტ კონტროლი საოცარ მასშტაბებს აღწევს, ოფიციალური სახელმწიფო უწყება „РосКомНадзор“-ი  მილიონობით IP-მისამართს სისტემატურად ბლოკავს. ამ უწყებას მოქალაქეები მეორენაირად- „РосКомПозор“-ს უწოდებენ.

ბელარუსში დაკავებული „ვაგნერი“-ს დაქირავებული მებრძოლები თურქეთში „გასარუჯად“ მიდიოდნენ
2020-08-03ბელარუსში დაკავებული „ვაგნერი“-ს დაქირავებული მებრძოლები თურქეთში „გასარუჯად“ მიდიოდნენ

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის ტერიტორიაზე აქტუალური და რეზონანსული იყო არა მხოლოდ მრავალათასიანი მიტინგები, არამედ ერთკაციანი მხარდასაჭერი აქციები, რომლებიც პოლიციის ან როსგვარდიის ყურადღების მიღმა არ რჩებოდა. ერთ-ერთი მსგავსი ერთკაციანი პიკეტის დროს, 26 მაისს დააპატიმრეს ჟურნალისტი და მუნიციპალური დეპუტატი ილია აზარი. ის პატიმრობაში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 28 მაისს, მოსკოვში „მედიაზონის“ მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვი და „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტები დააკავეს. ისინი კოლეგის, ილია აზარის მხარდასაჭერად  აქციას ატარებდნენ. 21 ივნისს, პოლიციამ „მედიაზონის“ დამფუძნებელ პიოტრ ვერზილოვის ბინაში კარი ჩაამტვრია და ისე შევიდა. 13 საათის განმავლობაში არ იყო ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, მხოლოდ შემდეგ გაირკვა, რომ მას „მოსკოვის საქმეზე“(2019 წლის მოსკოვის აქციების საქმე) კითხავდნენ. დაკითხვის შემდეგ სამართალდამცველებმა იგი გაათავისუფლეს, თუმცა შენობიდან გასვლის დროს მას თავს პროვოკატორი დაესხა და ვერზილოვი კვლავ დააკავეს.  ნაცემი ვერზილოვი ხულიგნობის მუხლით დამნაშავედ სცნეს და 15 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 15 დღის გასვლის შემდეგ, ვერზილოვი სახლში წავიდა და იმ დღესვე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაიწყეს. 26 ივნისს, „დოჟდის“ წამყვან პაველ ლობკოვის მიმართ ადმინისტრაციული საქმე აღძრეს იმ ვიდეო სიუჟეტის გამო, რომელშიც ჟურნალისტი იმის შესახებ ყვებოდა, რომ ხმის მიცემის სისტემა არასრულყოფილია, რადგან  თავად ჩაატარა ექსპერიმენტი  და ორჯერ შეძლო ხმის მიცემა. სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა მას იმ ღამითვე სტუდიაში მიაკითხეს. 30 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „მედიაზონის“ ჟურნალისტს დავიდ ფრენკელს პოლიციელი და დამკვირვებელი დაესხნენ თავს და ხელი მოტეხეს. პეტერბურგის გუბერნატორმა ბეგლოვმა მომხდართან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:  „ყველანი ადამიანები ვართ, ცოცხალი არსებები-ხდება ხოლმე“. რეზონანსული გამოდგა ეკატერინბურგში პოლიტოლოგის, პუბლიცისტის, Deutsche Welle-ს კომენტარორის ფიოდორ კრაშენიკოვის დაკავებაც. მას სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფას ედავებოდნენ, რადგან თავის „ტელეგრამ“ არხში, მან გააკრიტიკა კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო ვადების დასაშვებობასთან დაკავშირებით. კრაშენიკოვი სამართალდამცველებისგან ამგვარი დევნის ობიექტი უკვე მეორედ გახდა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული  დაკავება „კომერსანტის“ და „ვედომოსტის“ ყოფილ ჟურნალისტ ივან საფრონოვ უმცროსს უკავშირდება. საფრონოვი ამა წლის 7 ივლისს მოსკოვში, უცხოური დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.  ის ბრალდებას უარყოფს და დევნას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისი მამა,  ივან საფრონოვი უფროსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი  „კომერსანტის“ სამხედრო მიმომხილველი იყო. საფრონოვ უფროსი 2007 წელს, დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის რუსეთსა და სირიას შორის საიდუმლო სამხედრო შესყიდვების თემის გამოძიებით იყო დაკავებული. მალევე, ჟურნალისტი საკუთარი სახლის სადარბაზოს ფანჯრიდან გადავარდა. რაც შეეხება, საფრონოვ უმცროსს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ჩეხეთის დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებიან, თუმცა მისი საქმე იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ საფრონოვის ადვოკატებმაც კი არ იციან, კონკრეტულად რა ბრალდებაა მოცემული სისხლის სამართლის საქმეში. საფრონოვის დასაცავად რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმეჯერ ჩატარდა აქციები და ერთკაციანი პიკეტები, რა დროსაც ასევე მოხდა  ჟურნალისტების დაკავება.

 

ამ და სხვა მრავალი ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ნათლად ასახავს რუსეთში დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების სავალალო მდგომარეობას, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკვე მკაფიო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „კრემლში ვერ ამჩნევენ და ვერ ხედავენ ჟურნალისტების დევნის ტრენდს“. კრემლის აზრით, რუსეთში მედიას არანაირი პრობლემები არა აქვს… ისევე, როგორც ჩინეთში.

ავტორი: Prime Time

X