
რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.
მისი თქმით, რუსთავში ინფიცირების წყარო დადგენილია და ამ მხრივ, საშიშროება არ დგას.
„რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, ეს უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს.
ბანკის საცავის ყველა თანამშრომელი იყო სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მოწოდებული დაწესებულებებისათვის.
ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთან დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა ღონისძიება ტარდება.
ასე რომ, ქვეყანაში არის საკარანტინო მდგომარეობა.
თითო შემთხვევის გამო თითო ქალაქი ვერ დაიკეტება.
ქვეყანაში პრაქტიკულად საყოველთაო მდგომარეობაა, სწორედ იმიტომ არის, რომ ასე ცალ-ცალკე არ დაგჭირდეს ალაგ-ალაგ ქვეყანაში ამ ღონისძიებების გატარება“, – განმარტა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















