18:10 | 2021-03-22 ავტორი: Prime Time

რუსთავში, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული უფლებამოსილებები განიხილეს

რუსთავში, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით, მუნიციპალიტეტებზე დელეგირებული უფლებამოსილებები განიხილეს

ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანს, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგიოლე კახა კობერიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდენ. სამუშაო შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნა განხილული.

 

როგორც შეხვედრის მონაწილეებმა, განაცხადეს, ბავშვთა კოდექსიდან გამომდინარე, გარკვეული უფლებების დელეგირება ადგილობრივ თვითმმართველობებზე მოხდა, ახლა მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და ამ კუთხით არსებული პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაჭრა. ,, პარლამენტის მიერ ბავშვთა კოდექსის მიიღება, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ბავშვის დაცვის მიმართულებით. საუბარია, მუნიციპალიტეტის დონეზე, ადგილობრივი სოციალური სამსახურის შექმნაზე. რუსთავში, ამ მიმართულებით განყოფილება უკვე შექმნილია. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც სოციალურ სამსახურებს აქვთ, რომ რეაგირება იყოს სწრაფი. რუსთავში ჩამოყალიბდება საკოორდინაციო საბჭო, მოხდება პრობლემური საკითხების, მათი მოგვარების გზების განხილვა და ერთობლივი მიზნების დასახვა“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

 

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების გადაჭრაში აქტიურად ჩაერთვება. ,, წინგადადგმული ნაბიჯია, ის, რაც უკვე კანონის სახით გვაქვს ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ. ახლა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ერთობლივად მოხდეს ამ კანონის აღსრულება. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა ბავშვებს ჩვენს ქალაქში, მათ სოციალურ პრობლემებს, მათი უფლებების დაცვის საკითხებს. აუცილებელია, რომ ჩვენ მუდმივად და ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ საკითხების გადაჭრაში და მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურ მონაწილეობას მივიღებ ამ პროცესში“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, იმისათვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ სრულფასოვნად განახორციელოს ის უფლებამოსილება, რაც მასზე იქნა დელეგირებული, მნიშვნელოვანია კადრების გადამზადება. ,, დელეგირებული უფლებამოსილება, რომელიც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე უნდა გადმოვიდეს, არის ახალი და აქამდე მსგავსი გამოცდილება მუნიციპალიტეტებს არ ჰქონიათ. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კადრების გადამზადება, არსებული გამოცდილების გაზიარება. საკითხი ეხება ყველა ოჯახს, ბავშვებს, ეს მიმართულება რა თქმა უნდა თვითმმართველობისთვის იქნება საინტერესო გამოწვევა. თვითმმართველობა ყველა პრობლემას და საჭიროებას ადგილზე უფრო ადვილად დაინახავს და რაც მთავარია, ამ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელია პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

 

სამუშაო შეხვდრის დაწყებამდე, ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე რუსთავში არსებული ბავშვთა ცენტრებს ესტუმრნენ და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

 

 

(R)

ავტორი: Prime Time

X