18:11 | 2020-04-18 ავტორი: მარი ჯაფარიძე

სააღდგომო ტრადიციები – ხატისპური და წითელი კვერცხი

სააღდგომო ტრადიციები – ხატისპური და წითელი კვერცხი

აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელთანაც ტრადიციულად დაკავშირებულია წითელი კვერცხი და ტკბილი პური ანუ პასკა.

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო.

 

სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს. ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს პური. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

 

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.

 

ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში ჯერ კიდევ განხეთქილებამდე იყო: დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის სასუფევლის შესახებ მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს ეფუძნება: „სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს“.

 

ქართულად პასკას ხატისპური ჰქვია.

 

არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

 

მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული, ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X