
„ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ისევე მიუღებელია, როგორც მისი უკრაინის რესტორანში თმებით თრევა და იქედან გამოყვანა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.
და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი – ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუქტურა.
თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია.
ისევე როგორც, ჩემთვის პირადად, მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და ომონის თუ პოლიციის სახით იქედან გამოყვანა.
თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია.
მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.
„საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობებია.
ამას წლების განმავლობაში ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას ძალიან დააზიანებს.
ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.
უკრაინული მედიით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.
აღნიშნული სააკშვილმა დაადასტურა.























